სუდანში სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ გარდამავალი პერიოდის შესახებ შეთანხმება მიიღეს
სუდანში სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ გარდამავალი პერიოდის შესახებ შეთანხმება მიიღეს

სუდანში სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ გარდამავალი პერიოდის შესახებ შეთანხმება მიიღეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მხარეებმა გარდამავალი მთავრობის შესახებ საბოლოო შეთანხმებას ხელი რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკური ლიდერების თანხლებით მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, სამწლიან გარდამავალ პერიოდში ძალაუფლების უმაღლესი ორგანო სუვერენული საბჭო იქნება. მის შემადგენლობაში სამხედრო საბჭოს ხუთი და ოპოზიციის ხუთი წევრი შევა. სუვერენული საბჭოს კიდევ ერთ წევრს არჩევნების საშუალებით აირჩევენ. ამასთან, იგეგმება პრემიერ-მინისტრის არჩევა, რომელსაც ოპოზიციური ძალებიდან აირჩევენ და რომელიც მოგვიანებით მინისტრთა კაბინეტს შეარჩევს.

სუდანში სამხედრო გადატრიალება 2019 წლის 11 აპრილს, ოთხთვიანი საყოველთაო დემონსტრაციების შემდეგ მოხდა. გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი პოსტიდან ჩამოაგდეს და ძალაუფლება სამხედრო საბჭომ აიღო ხელში, თუმცა ოპოზიციურმა ძალებმა ქვეყნის სადავეებში სამხედრო საბჭოს ჩადგომა გააპროტესტა და მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. მხარეებს შორის მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.