სუდანში მომიტინგეების პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა
სუდანში მომიტინგეების პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა

სუდანში ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა და დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მომიტინგეები ქვეყნის ლიდერს, ომარ ალ-ბაშირს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ალ-ბაშირი სუდანს უკვე 30 წელია მართავს.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მარში მოაწყვეს, რომელიც სუდანის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინასთან დასრულდა. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, მათი მიზანი იყო გაეგოთ ვის მხარეს დგანან სუდანელი სამხედროები. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. არეულობის დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა ათეულობით ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ სუდანში ანტისამთავრობო აქციები 2018 წლის დეკემბრიდან იმართება. თუმცა, სუდანის შეიარაღებულ ძალებს მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალა ამ დრომდე არ გამოუყენებიათ.

თავდაპირველად მოქალაქეები პურზე გაზრდილ ფასს აპროტესტებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მათ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს.

თებერვალში ომარ ალ-ბაშირმა სუდანში საგანგებო მდგომაროება გამოაცხადა და მიტინგების გამართვა აკრძალა. მიუხედავად ამისა დემონსტრაციები არ შეწყვეტილა.