სუდანში კომენდანტის საათს აპროტესტებენ
სუდანში კომენდანტის საათს აპროტესტებენ

სუდანის მოსახლეობა სამხედრო საბჭოს მიერ დაწესებულ კომენდანტის საათს აპროტესტებს. სამხედრო გადატრიალების პირველ დღეს დედაქალაქში შეკრებილ აქტივისტებს, კომენდანტის საათის გამოცხადების მიუხედავად, ქუჩები მთელი ღამის განმავლობაში არ დაუტოვებიათ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 11 აპრილს ფორმირებული სამხედრო საბჭოს წარმომადგენლები ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის წევრები არიან.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სუდანის მოსახლეობის ტალღამ დემონსტრანტებსა და არმიას შორის დაპირისპირების რისკი გაზარდა. ასევე არსებობს საფრთხე, რომ უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა ჯგუფის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაერო მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

აფრიკულ სახელმწიფოში რამდენიმეთვიანი დემონსტრაციების შემდეგ 11 აპრილს სამხედრო გადატრიალება მოხდა. ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშილი, რომელიც სუდანს თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობიდან გადააყენეს და დააკავეს. მისი ადგილმდებარეობა და მომავალი ბედი ჯერ უცნობია.

გადატრიალების შემდეგ სამხედრო საბჭომ საჰაერო და სახმელეთო საზღვარი უახლოესი 24 საათის განმავლობაში დახურა. როგორც ცნობილია, დღეს საჰაერო სივრცე გაიხსნება, თუმცა სახმელეთო და საზღვაო საზღვარი კვლავ დახურული დარჩება.