სუდანში არეულობის გამო სასწავლო დაწესებულებები დროებით დაიხურა
სუდანში არეულობის გამო სასწავლო დაწესებულებები დროებით დაიხურა

სუდანში არეულობის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები დროებით დაიხურა. ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველმა სამხედრო საბჭომ მიიღო.

სუდანში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც დემონსტრაციის დროს სკოლის ხუთი მოსწავლე მოკლეს. მათი ასაკი 14-დან 16 წლამდე მერყეობდა. მშვიდობიან მანიფესტაციაზე მოზარდები სუდანის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ქალაქ ელ-ობეიდში სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტს აპროტესტებდნენ. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდებს სკოლის ფორმები ეცვათ და ზურგჩანთებით იყვნენ. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს.

მოზარდების მკვლელობის შემდეგ სუდანის ოპოზიციის ლიდერმა ქვეყნის მმართველ სამხედრო საბჭოსთან მოლაპარაკებები შეაჩერა. ქვეყანა კი, კვლავ არეულობამ მოიცვა. სუდანის ათობით ქალაქში ახალგაზრდები მასშტაბურ დემონსტრაციებს მართავენ.