სუდანის იურისტთა ჯგუფის ინფორმაციით, ჩრდილოეთ დარფურის ბაზარზე საჰაერო იერიშს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სუდანელმა სამხედროებმა ჩრდილოეთ დარფურის ბაზარზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რასაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „გარდიანის“ ცნობით, ამის შესახებ იურისტთა ჯგუფმა განაცხადა, რომელიც კონფლიქტის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებს აღრიცხავს.
იერიშის შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა ქალაქ კაბკაბიაში, რომელიც დაახლოებით 180 კილომეტრით არის დაშორებული დედაქალაქ ელ-ფაშერიდან. ქალაქი კაბკაბია მაისიდან მოყოლებული გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ალყაშია.
„საჰაერო იერიში განხორციელდა ქალაქის ყოველკვირეული ბაზრობის დღეს, სადაც ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლები იყვნენ შეკრებილი საყიდლებზე, რამაც გამოიწვია 100-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი, ხოლო ასობით დაშავდა, მათ შორის, ქალები და ბავშვები“, – განაცხადა იურისტთა ჯგუფმა.
მათ ეს მოვლენა დაახასიათეს, როგორც საჰაერო იერიშებით ჩადენილი საშინელი ხოცვა-ჟლეტა.
სუდანის არმიას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ცრუ ბრალდებებია. მათივე ინფორმაციით, ისინი გააგრძელებენ ქვეყნის დაცვას კანონიერი უფლების გამოყენებით.
„გარდიანი“ წერს, რომ 20-თვიანი ომის შედეგად, რომელიც „სწრაფი მხარდაჭერის ძალებსა“ და სუდანის არმიას შორის მიმდინარეობს, ათიათასობით ადამიანი დაიღუპა და მილიონობით დევნილად იქცა, რამაც ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკის ეს ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე მიიყვანა.