სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის ერთობლივი განცხადება - ჩვენი მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ, ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როცა მას ვინმე შეეხება
სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის ერთობლივი განცხადება - ჩვენი მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ, ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როცა მას ვინმე შეეხება

ბაკურიანის შეკრების მონაწილეები ცდილობენ, დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ ჩვენი პასუხები ანტიდასავლურ რიტორიკად მონათლონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა, ცხადად და მკაფიოდ განვმარტოთ – ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მორიგ ერთობლივ განცხადებაში.

პარლამენტის აღნიშნული წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამიტომ, დაიცავენ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როდესაც მას ვინმე შეეხება.

„შეურაცხყოფაზე პასუხი არის არა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, არამედ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნისა და მისი ღირსების წინაშე. როდესაც ევროპელი იქცევა არაევროპულად, ის სწორედ თავად აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს. შესაბამისად, უსამართლობაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის სწორედ რომ სტრატეგიული პარტნიორის, ევროპისა და საქართველოს ევროპული გზის დაცვას ნიშნავს“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ერთობლივ განცხადებაში.