სუამ-ის გენერალურმა მდივანმა მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა - ასეთი ავტორიტეტის რელიგიური მოღვაწის გარდაცვალება ყოველთვის დიდი დანაკლისია ერისთვის და მთელი რეგიონისთვისაც
სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ალტაი ეფენდიევმა ორგანიზაციის სახელით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
„დემოკრატიის და ეკონომიკური ორგანიზაცია სუამ-ის მუდმივი საერთაშორისო სამდივნოს სახელით, მსურს, სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს ხალხს, ხელისუფლებას და სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის გარდაცვალების გამო.
მრავალი ათწლეულის განმავლობაში მისი უდავო მორალური ავტორიტეტი და სულიერი ღირებულებების დაცვის ურყევი პოზიცია შეუცვლელი იყო საზოგადოების კონსოლიდაციის, ეროვნული ტრადიციების დაცვისა და ქართული იდენტობის შენარჩუნებისთვის, ისევე როგორც მრავალი გამოწვევის ფონზე, მისი როლი ერის გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. ის დაამახსოვრდებათ, როგორც მშვიდობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის ერთგული დამცველი სხვადასხვა ერს, კულტურასა და რწმენას შორის.
ჩვენ ასევე ვაფასებთ მის მტკიცე და პრინციპულ პოზიციას არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და მისი ტერიტორიების ოკუპაციის, არამედ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის მიმართაც. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ეკლესიამ უზრუნველყო ჰუმანიტარული დახმარება და თავშესაფარი უკრაინელებისთვის, რომლებიც გაექცნენ საშინელ ომს და საქართველოში პოვეს თავშესაფარი.
ასეთი ავტორიტეტისა და მნიშვნელობის მქონე რელიგიური და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალება ყოველთვის დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ერისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.
ეროვნული გლოვის ამ მძიმე დღეებში ჩვენ ღრმა თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ერს სიმტკიცესა და სულიერ მხნეობას ვუსურვებთ ამ დიდი დანაკლისის დასაძლევად. განისვენოს მისმა სულმა მშვიდობით“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.