სტუდენტი ცოტნე ცირდავა - ვფიქრობ, არჩევნებზე უნდა მივიდეთ ყველა და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ
სტუდენტი ცოტნე ცირდავა - ვფიქრობ, არჩევნებზე უნდა მივიდეთ ყველა და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ

ვფიქრობ, არჩევნებზე უნდა მივიდეთ ყველა და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა, ცოტნე ცირდავამ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„შესაძლოა, პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს და, რაზეც დღეს ამ გადაცემაში ვისაუბრეთ, იგივე დარჩეს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა მოვინდომოთ“, – განაცხადა ცოტნე ცირდავამ.

როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა აღნიშნა, ნიჰილიზმი არის ის, რისიც სახელმწიფოს ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს და ერიდებოდეს.

„ამიტომ, რაღაც ოპტიმალური გადაწყვეტილება ცუდ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქეებმაც უნდა მივიღოთ. ეს ყველა შემთხვევაში საჭიროა. შორიდან ყურება მარტივია და ეს ყველას შეუძლია. თუ პროცესს შორიდან ვუყურებთ, მერე აღარ შეგვიძლია, სხვას ვუთხრათ, შენი არჩეული პოლიტიკური ძალა რას აკეთებს, რადგან ჩვენ თვითონ ამისთვის არაფერი გაგვიკეთებია. ამიტომ, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ და ნაწილობრივ მაინც შევეცადოთ, ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს“, – განაცხადა ცოტნე ცირდავამ.

ამ განცხადებით ცოტნე ცირდავამ გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის შეკითხვას უპასუხა, აპირებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას და რა განაპირობებს მის არჩევანს.

გადაცემაში მონაწილე სტუდენტების უმრავლესობამ ასევე განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი აზრის დაფიქსირება აუცილებელია.