სტუდენტებმა გერმანიაში რეგულარული ფრენების დანიშვნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს
სტუდენტებმა გერმანიაში რეგულარული ფრენების დანიშვნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

სტუდენტებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით მიმართეს.

სტუდენტები ივლისის თვეში გერმანიაში რეგულარული ფრენების დანიშვნას ითხოვენ, რომელსაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შეასრულებს.

ახალგაზრდების თქმით, ისინი გერმანიაში ე.წ. სამთვიანი საგაზაფხულო-სამუშაო პროგრამაში მონაწილეობისთვის მიდიან, პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით დანიშნული 200-ევროიანი ფრენები კი მათთვის ხელმიუწვდომელია.

სტუდენტების განცხადებით, გერმანიაში მათ სამუშაო კონტრაქტებს ვადა ერთ კვირაში გასდით, გერმანიის მიმართულებით კი ფრენები არ არის დანიშნული, რაც კიდევ ერთი დამაბრკოლებელია ფაქტორია.

„აქ მყოფი სტუდენტებისთვის გერმანიაში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გამომუშავებული თანხით შეგვიძლია, სწავლის საფასურის გადახდა, ასევე ეს არის დიდი გამოცდილება. მივმართავ პრემიერს თხოვნით, დაარეგულიროს ფრენები, დაარეგულიროს ფასები, რომელიც იქნება სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი“, – განაცხადა სტუდენტმა, ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ.

სტუდენტებმა უკვე მიმართეს წერილობით ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას.