სტუდენტების ნაწილი პარლამენტთან აქციის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ეწინააღმდეგება 
სტუდენტების ნაწილი პარლამენტთან აქციის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ეწინააღმდეგება 

სტუდენტთა ერთი ნაწილი, რომელიც პარლამენტთან აქციას გამოეყო, პირველი სკოლის წინ აქციას განაგრძობს. თუმცა, მათი თქმით, მალე ძირითად აქციას შეუერთდებიან. მათი თქმით, პოლიტიკური პარტიები შექმნილი ვითარების სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ, გარკვეული პირები კი სტუდენტებს მიკროფონთან მისვლას ზღუდავენ.

სტუდენტების ერთ-ერთი წარმომადგენლის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ლექტორის თემო შენგელაიას განცხადებით, აქციაზე გარკვეული პირები პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

„ამ ეტაპზე, აქეთა მხარეს გადმოვედით, რადგან გარკვეული სიტუაციები არ მოგვეწონა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. თუმცა ამის თაობაზე ვესაუბრეთ ზაზა სარალიძეს და ახლა კვლავ გადავალთ და შევუერთდებით პარლამენტის წინ აქცია. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მხარს ვუჭერთ და გვერდში ვუდგავართ ზაზა სარალიძეს. არ გვინდა, საზოგადოებამ გაიგოს ისე, თითქოს რაიმე კონტრაქციას ვაკეთებ. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა, რომ ახალგაზრდების ინტერესები პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. საერთო შეთანხმების შედეგად, ახლა გადავდივართ კვლავ პარლამენტის წინ თუმცა, თუ დავინახეთ, რომ ახალგაზრდების იდეებს ჩვენს ძალას სათავისოდ გამოიყენებს რომელიმე პოლიტიკური პარტია, ჩვენ ამას აუცილებლად გავემიჯნებით. მაგრამ, არასდროს გავემიჯნებით ზაზა სარალიძეს და ჩვენ მის გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა თემო შენგელაიამ.