სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს
სტრუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა პარლამენტს დღეს წარუდგენს

აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მთავრობა საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს სავარაუდოდ დღეს წარუდგენს. საკანონმდებლო პაკეტი ბიუროს სხდომაზე შევა, სადაც ცვლილებების ინიცირება მოხდება.

საპარლამენტო კომიტეტები ცვლილებებზე მსჯელობას სავარაუდოდ დაჩქარებული წესით, მიმდინარე კვირას დაიწყებენ, რის შემდეგაც, საკითხის განხილვა მომავალ სასესიო კვირას მოხდება.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებს და მთავრობაში განხორციელებულ რეორგანიზაციას კანონებში ასახავს, საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაწყება მოუწევს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება და შესაძლოა, იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდეს.

მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს გააკეთა. 15 ნოემბერს კი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა.

ცვლილებების მიხედვით, 18 სამინისტრო 14-მდე მცირდება.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეუერთდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური უერთდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს.