„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

პარტიების წარმომადგენლები ამომრჩეველთა ხმების დაცვის საერთო გეგმაზე მსჯელობენ, რასაც მათ მიერ აგვისტოში გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ოპოზიციის თანამშრომლობა არის ფუნდამენტური და გადამწყვეტი ამ საკითხებში. დღეს ვისაუბრებთ კონკრეტულად იმ ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, რომელიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ კოორდინაციისთვის, რათა მონიტორინგი გავუწიოთ როგორც კენჭისყრის პროცესს არჩევნების დღეს, ასევე შეტყობინების სისტემა ავაგოთ, რომ ერთმანეთს  გავუზიაროთ დარღვევების შესახებ ინფორმაცია და ასევე, დავეხმაროთ ამ დარღვევების აღკვეთაში.

დამსხვრეული ოცნებების პარტიის მხარდაჭერის ძალიან სწრაფმა ვარდნამ გამოიწვია აგონიური ქმედებები მათი მხრიდან. ისინი აბსოლუტურად უადგილოდ აკავებენ ადამიანებს. მაგალითად, ასე იყო გუშინწინ, როდესაც კანონსაწინააღმდეგოდ დააკავეს ჩვენი წარმომადგენლები, პარტიული სიის იმუნიტეტის მქონე ადამიანებიც კი დააკავეს და აგრესიულ ქმედებებზე არიან გადასული. ჩვენ ამას ვუპასუხებთ მხოლოდ კანონის დაცვით და რაც მთავარია, 31 ოქტომბერს უნდა გავისტუმროთ ეს ხალხი, არჩევანი არის მარტივი, საქმის მკეთებელთა გუნდი ან ფულის მკეთებელთა გუნდი“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.