„სტრატეგია აღმაშენებლის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე - აბა, ვინმემ გაბედოს და დაგვაჯარიმოს 22:00 საათის შემდეგ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე - აბა, ვინმემ გაბედოს და დაგვაჯარიმოს 22:00 საათის შემდეგ

აბა, ვინმემ გაბედოს და დაგვაჯარიმოს 22:00 საათის შემდეგ, – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბექა დიასამიძე. მისი განცხადებით, ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია 18:00 საათზე განახლდება, მომიტინგეები კი არ აპირებენ, დაემორჩილონ გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს.

„აქ ვმორიგეობთ სხვადასხვა პარტიის ადგილობრივი ლიდერები. მთელი ღამის განმავლობაში კარვებში გაათენეს აქციის მონაწილეებმა, ისევ განახლდება აქცია იგივე მოთხოვნით, რომ გადადგეს თამარ ჟვანია და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ამ ტერიტორიას არავინ დატოვებს, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, აბა, ვინმემ გაბედოს და დაგვაჯარიმოს“, – ამბობს ბექა დიასამიძე.

აჭარის მთავრობის წინ იმყოფება აქციის მონაწილეთა ნაწილი. ქუჩაზე გაშლილია რამდენიმე კარავი და სცენა გამომსვლელებისთვის.

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.