„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით
ნიკა მელიას გატაცება არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი ვეღარ ინარჩუნებს ძალაუფლებას კანონიერი საშუალებებით. ეს არის სისუსტის ნიშანი, – ამის შესახებ აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„პირველად დააკავეს ზურაბ ჯაფარიძე, შემდეგ – ნიკა მელია, სხვა ლიდერებზე აღძრულია საქმეები – ეს არის გათვლილი კამპანია რეპრესიებით ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის.
ივანიშვილმა კიდევ ერთი უკანონობა და დანაშაული დაამატა საკუთარ სიას. ის პირადად არის პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ უკანონობასა და ძალადობაზე. საკუთარ ხალხთან ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული სტრატეგია.
ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას და ამ ვითარებაში საჭიროა ერთიანობა.
ვერანაირი დაკავებები, გატაცებები და სხვა სახის ძალადობა ვერ შეაჩერებს ჩვენს მისწრაფებას თავისუფლებისა და საქართველოს დაცული მომავლისკენ“, – აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.