„სტრატეგია აღმაშენებელი“ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს, საქართველოში რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა აიკრძალოს
„სტრატეგია აღმაშენებელი“ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს, საქართველოში რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა აიკრძალოს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ კომუნიკაციების კომისიას მიმართავს, საქართველოში რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობა აიკრძალოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რუსეთი ახორციელებს ღია სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ეს აგრესია დიდი ხანია, დაიწყო და მისი მსხვერპლი, სამიზნე საქართველოც არის.

დეპუტატის თქმით, ეს ომი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო კომპონენტით, არამედ ეკონომიკური და საინფორმაციო მდგენელიც აქვს.

„ამ ომის მიზანია, ძირი გამოუთხაროს თავისუფალ სახელმწიფოებს და მათ სუვერენიტეტს. საინფორმაციო ომი, რომელიც იყენებს დეზინფორმაციის, ყალბი ამბებისა და პროპაგანდის მეთოდებს არის მიმართული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ეროვნული თანხმობისა და ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ. ესაა უაღრესად სახიფათო მექანიზმი კრემლის ხელში, რომელიც პირდაპირ ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოს, აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში. ყველა თავისუფალ სამყაროში აცნობიერებს ამ საფრთხეს და უპირისპირდება რუსულ დეზინფორმაციულ მანქანას თავის ქვეყნებში.

გუშინ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებში რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს კანონის „მაუწყებლობის შესახებ“ კრძალავს ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდას და ისეთ პროგრამების გადაცემას, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

დასავლური პრაქტიკიდან, საერთაშორისო კონვენციების და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, მოვითხოვთ, აიკრძალოს რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული არხების საქართველოში მაუწყებლობა. ასევე, დააწესეთ მონიტორინგი იმ ქართულ მაუწყებლებზე, რომლებიც რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოში და იმოქმედოთ კანონის შესაბამისად“, – აღნიშნავს მანჯგალაძე.

დატოვე კომენტარი