„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით არეგისტრირებს კანონპროექტს, რომლითაც ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს
„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით არეგისტრირებს კანონპროექტს, რომლითაც ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ანტიდემოკრატიულია და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლების მოწოდების მიუხედავად, კანონს ვეტო არ დადო.

„ქართულმა ოცნებამ“ დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ მას აღარ უნდა, გამოხატვის თავისუფლება იყოს ქვეყანაში. გაამკაცრა სანქციები ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანთან, რითაც, სამწუხაროდ, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მთელი დასავლური სამყარო შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონპროექტით, რომელიც მიიღო პარლამენტმა. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაედო ამ კანონზე, მაგრამ ის გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას. ჩვენი შეხვედრების მიუხედავად, მან არ გამოიყენა კონსტიტუციით ის ერთადერთი უფლება, რაც პრეზიდენტს აქვს – გამოიყენოს ხოლმე სწორედ ვეტო, როცა კანონები არადემოკრატიულია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში დღეს არეგისტრირებს კანონპროქტს და ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს.

„ძალიან მარტივად ვამბობთ, რომ დაბრუნდეს ძველი ნორმები კვლავ მოქმედებაში. „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო, სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში მოუწევს, ჩვენთან დებატებში შემოვიდეს და გასცეს პასუხი, რატომ მიიღო არადემოკრატიული კანონი, რატომ უნდა, რომ დააშინოს ყველა ადამიანი, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები, რატომ ამკაცრებს სანქციებს პროტესტში მონაწილე ადამიანებთან მიმართებაში. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება ის კაბალური, თუ რეპრესიული ნორმები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ამიტომ ჩვენ დღეს ამ კანონპროექტს ვარეგისტრირებთ და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობას, დაჩქარებული წესით მიახლაფორთოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ოპოზიცია არის პარლამენტში თუ არა,იმედი გვაქვს, ამ საკანონმდებლო ინიციატივას ყველა მხარს დაუჭერს. იმედი გვაქვს, საზოგადოება გაერთიანდება, ერთად მოვთხოვთ „ქართულ ოცნებას“, რომ გაუქმდეს ეს რეპრესიული კანონი და დაბრუნდეს ძველ ნიშნულზე ყველა ის სანქცია, რაც იყო.

მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელს“ 70 ათასი ლარი გვაქვს გადახდილი მხოლოდ ასეთი ტიპის ჯარიმებში გასული წელიწად ნახევრის განმავლობაში. ისინი გვეუბნებიან, კიდევ უფრო მეტი უნდა გადაგახდევინოთო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.