სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიხსნება
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია გაიხსნება

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია დღეს იხსნება. სტრასბურგში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საშემოდგომო სესია იქნება პრინციპული და ქართული მხარე მკაფიოდ დააფიქსირებს ნეგატიურ პოზიციას ევროსაბჭოში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების თაობაზე.

დღეს დილით ქართული მხარე კონსულტაციებს გამართავს უკრაინასთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, თუ რა ფორმით მიმართავენ ევროსაბჭოს რუსეთის დელეგაციის დაბრუნების წინააღმდეგი ქვეყნები. ასევე, საქართველო და აღნიშნული სახელმწიფოები, პროტესტის ნიშნად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში აქცენტს გაამახვილებენ იმ პრობლემებზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მიმართ მოდის.

„წინა სესიაზე საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჩვენთვის სრულიად მიუღებელი გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების თაობაზე. საშემოდგომო სესია არის პრინციპული იმ კუთხით, რომ გამოვხატოთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილების მიმართ. ვაპირებთ, აქცენტი გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს უკრაინისა და საქართველის მიმართ. ჩვენ, უკრაინასთან ერთად, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, პოლონეთთან და რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად, ვმუშაობთ ერთობლივ სტრატეგიაზე. ვეძებთ გზებს, რომ ეს საკითხი უფრო აქტიურად დავაყენოთ დღის წესრიგში. ევროსაბჭოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთის დაბრუნებას. არანაირ მონაწილეობას არ ვიღებთ სხვადასხვა ღონისძიებაში, იმ შეხვედრებში თუ პლენარულ სესიაზე, რომლებიც საზეიმო ხასიათისაა, რომელიც ევროსაბჭოს 70-ე წლისთავს ეძღვნება. წინა სესიაზე მიღებული გადაწყვეტილება არასწორი იყო, რუსეთს არამართებულად გაუხსნა გზა ევროსაბჭოში. სხვანაირად უნდა ემოქმედა ევროსაბჭოს. დილით გვექნება შეხვედრა და გვეცოდინება სამოქმედო გეგმა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, მიმდინარე წელს კი რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმათა უმრავლესობით დაბრუნდა. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა საქართველომ. წინააღმდეგ ხმა მისცეს უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციებმაც.