სტრასბურგის სასამართლომ ყოფილი პატიმრის, ზაქარია ქიტიაშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
სტრასბურგის სასამართლომ ყოფილი პატიმრის, ზაქარია ქიტიაშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყოფილი პატიმრის – ზაქარია ქიტიაშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. სახელმწიფომ საქმე მოიგო.

1977 წელს დაბადებული ქიტიაშვილი ევროპულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ციხეში არასათანადო მკურნალობის გამო ჩიოდა. ის პატიმრობიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

საქმის დეტალებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მედიისთვის გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი. ამ ინფორმაციის მიხედვით, ზაქარია ქიტიაშვილს პატიმრობის პერიოდში ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. მისი მკურნალობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამის მიხედვით დაიწყო. მას ქსანში ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებთან ერთად მკურნალობდნენ, თუმცა მსჯავრდებული საპატიმროს დისციპლინის დარღვევის გამო რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

სტრასბურგი წერს, რომ მოსარჩელე დაკავების და ციხეში ყოფნის პერიოდში ჩიოდა იმაზე, რომ დაავადდა არაერთი სხვა დაავადებით, მათ შორის ნევროლოგიური პრობლემებით. ამის გამო მან რამდენჯერმე შიმშილობაც კი გამოაცხადა სასჯელაღსრულების თანამშრომლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მას ბოლოს თავის ტკივილები აწუხებდა. ამის მიზეზი ახალი დიაგნოზი გახდა. 2009 წელს ქიტიაშვილს ჰიპერტენზიის სინდრომი აღმოაჩნდა.

სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელის მიხედვით, ზაქარია ქიტიაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას ასაჩივრებდა. ეს მუხლი წამების აკრძალვას ეხება. მოსარჩელე სასჯელაღსრულების სამინისტროს არადროული დიაგნოზირებისა და დაგვიანებული მკურნალობის გამო უჩიოდა.

სტრასბურგის სასამართლომ მესამე მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. შესაბამისად, სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არანაირი სანქცია არ დაუკისრებია. საქართველოს მთავრობამ, რომელიც წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა და სტრასრბურგში მოპასუხე მხარედ იყო წარმოდგენილი, საქმე მოიგო.