სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს სერგეი მაგნიტსკის ოჯახისთვის 34 ათასი ევროს გადახდა დაავალდებულა
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს სერგეი მაგნიტსკის ოჯახისთვის 34 ათასი ევროს გადახდა დაავალდებულა

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს სერგეი მაგნიტსკის ოჯახისთვის 34 ათასი ევროს გადახდა დაავალდებულა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთი ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში სცნო დამნაშავედ.

სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის მთავრობამ არ უზრუნველყო მაგნიტსკის სიცოცხლის უფლება და არ ჩაატარა მისი სიკვდილის სამართლიანი გამოძიება“.

ბრიტანული საინვესტიციო ფონდის „ჰერმითეიჯ კეპიტალის“ იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს რუსეთის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.

მაგნიტსკი გადასახადების თავიდან არიდების მუხლით დააკავეს. თავად, იურისტი ამტკიცებდა, რომ მან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ფინანსური მაქინაციების სქემა გაშიფრა.

პირველი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში თავად მაგნიტსკიმ შეიტანა. მისი გარდაცვალების შემდეგ სასამართლო დავა მაგნიტსკის მეუღლემ და დედამ გააგრძელეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთის მთავრობამ მაგნიტსკის სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწია და შესაბამისად, სწორედ რუსეთის ხელისუფლებაა მის სიკვდილზე პასუხისმგებელი.