სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას ანა პოლიტკოვსკაიას ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას ანა პოლიტკოვსკაიას ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

რუსეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ეფექტიანად არ გამოიძია და  მკვლელობის დამკვეთების ვინაობა არ დაადგინა,- ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას ანა პოლიტკოვსკაიას ნათესავებისთვის მორალური ზიანის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობის არაეფექტიანი გამოძიებით, რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლი – სიცოცხლის უფლება.

„სასამართლოს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეკვეთილ მკვლელობასთან უშუალო კავშირში მყოფ პირთა ჯგუფი გამოავლინა და გაასამართლა, არ განხორციელებულა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ამ მკვლელობის დამკვეთის ან დამკვეთების გამოსავლენად“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოძიება სარწმუნო მიზეზების გარეშე გაჭიანურდა.

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამოძიების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი ჯერ კიდევ 2007 წელს ჟურნალისტის დედამ, დამ და ორმა შვილმა შეიტანეს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ კანონით გათვალისწინებულ ვადაში მიიღებენ გადაწყვეტილებას, გაასაჩივრონ თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სამინისტროს ცნობით, ამისთვის მათ სამთვიანი ვადა აქვთ. ამავე დროს უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა გამოძიების მნიშვნელოვანი შედეგები, რომლის საფუძველზეც გასამართლდნენ დანაშაულის ჩამდენი პირები.

გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. 2015 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ ჩეჩნეთის მკვიდრნი, ლომ-ალი გაიტუკაევი და რუსტამ მაჰმუდოვი მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო. სულ აღნიშნულ საქმეზე თავისუფლების აღკვეთა ხუთ პირს მიესაჯა. 2017 წლის ივნისში გაიტუკაევი ციხეში გარდაიცვალა. მკვლელობის დამკვეთის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.