სტრასბურგის სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე საქართველოს 35 ათასი ევროს გადახდა დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე საქართველოს 35 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

2014 წელს ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო პრევენციული ზომები ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავად და არ გამოიძია პოლიციის უმოქმედობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან მიმართებით.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მკვლელობამდე, ნახევარი წლის განმავლობაში მარიამ წივწივაძემ და მისმა ოჯახმა პოლიციას დახმარების თხოვნით სულ მცირე 11-ჯერ მიმართეს. ამგვარად, პოლიცია ინფორმირებული უნდა ყოფილიყო რეალური და უშუალო საფრთხის შესახებ. სასამართლოს დოკუმენტში საუბარია პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზე.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ნაციონალური სამართალდამცველი ორგანოების, კერძოდ, პოლიციის უმოქმედობა კიდევ უფრო მეტად უპატიებელია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქალების მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახური ძალადობა, არსებული ცნობებით, წარმოადგენდა სერიოზულ სისტემურ პრობლემას ქვეყანაში. ამგვარად, ხელისუფლების პასუხისმგებელ ორგანოებს უნდა სცოდნოდათ სიტუაციის სერიოზულობის შესახებ, რომელიც ქვეყანაში ბევრ ქალს ეხება და განსაკუთრებული გულმოდგინეობა უნდა გამოევლინათ, უნდა უზრუნველეყოთ ამ ჯგუფის მოწყვლადი წევრებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გაძლიერებული დაცვა.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ოჯახური ძალადობის ბრალდებების წინაშე სამართალდამცველი ორგანოების საერთო დისკრიმინაციულმა პასიურობამ შექმნა ატმოსფერო, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის გავრცელებას უწყობს ხელს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, განმცხადებელს, გარდაცვლილის დედას, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფომ 35 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.

2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.