სტრასბურგის სასამართლომ დონეცკში 2014 წელს „მალაიზიური ავიახაზების“ სამგზავრო რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ დონეცკში 2014 წელს „მალაიზიური ავიახაზების“ სამგზავრო რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დონეცკში 2014 წელს „მალაიზიური ავიახაზების“ სამგზავრო რეის MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი სისტემატურად არღვევდა ადამიანის უფლებებს უკრაინაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი ახორციელებდა განურჩეველ სამხედრო თავდასხმებს, იყენებდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილით დასჯას, წამებას, მათ შორის გაუპატიურებას, ომის იარაღად, ასევე ახორციელებდა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასახლებას და სხვა დარღვევებს ჩადიოდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა ოთხ სარჩელზე, რომელთაგან ერთ-ერთი „მალაიზიური ავიაზახების“ „ბოინგის“ ჩამოგდებას ეხებოდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ვერ ჩაატარა მომხდარის ადეკვატური გამოძიება და არ ითანამშრომლა სხვა ხელისუფლებებთან ინფორმაციის გასაზიარებლად.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი ავიალაინერი რეისით „MH17“, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს „ბუკის“ რაკეტით ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო. ნიდერლანდების და ავსტრალიის მთავრობებმა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.

2022 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავედ ცნო სამი პირი, ერთი ბრალდებული კი გაამართლა. სამივე მათგანს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ესენია: იგორ გირკინი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც 2014 წლის ზაფხულში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო; რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი სერგეი დუბინსკი; უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის დანაყოფს ხელმძღვანელობდა. სასამართლომ აღიარა, რომ სამივე პირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ბუკის“ მარშრუტის შეთანხმებაში, ტრანსპორტირებასა და დაცვაში.