სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი და საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს დაკავებული ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი და საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნოდარ გოგალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას გულისხმობს. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ საჭიროდ არ ჩათვალა, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების შესახებ კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებული საჩივრის განხილვა.

ამას გარდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში მოსარჩელესთვის კომპენსაციის სახით 6 000 ევროს გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ მოსარჩელის მიერ კომპენსაციის შესახებ სხვა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გოგალაძის დაცვის მხარე კომპენსაციის სახით 50 000 ევროს და სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდა.

ნოდარ გოგალაძე ბორჯომის პოლიციამ 2008 წლის თებერვალში დააკავა. მოსარჩელე აცხადებდა, რომ პოლიციის განყოფილებაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.