სტრასბურგის სასამართლო თურქეთს მოსამართლეების მასობრივი დაკავების გამო განმარტებებს სთხოვს
სტრასბურგის სასამართლო თურქეთს მოსამართლეების მასობრივი დაკავების გამო განმარტებებს სთხოვს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თურქეთს მოსამართლეების მასობრივი დაკავების გამო განმარტებებს სთხოვს. ანკარამ თავისი ოფიციალური პოზიცია 540-ზე მეტი მოსამართლისა და პროკურორის დაკავებასთან დაკავშირებით ექვსი თვის ვადაში უნდა წარადგინოს.

საუბარია 2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში განხორციელებულ მასობრივ დაკავებებზე. თურქეთის ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს უნდა დაუსაბუთოს, რომ მოსამართლეების წინასწარ პატიმრობაში დატოვების საფუძველი არსებობდა.

თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ასობით თანამშრომელს ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში სდებს ბრალს. ანკარა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს და აშშ-სგან მის ექსტრადირებას უკვე წლებია ითხოვს.

თურქეთში არშემდგარი ამბოხის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს სასამართლო სისტემის ოთხი ათასზე მეტი თანამშრომელი.

2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 77 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. 150 ათასი სახელმწიფო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან დაითხოვეს.