სტრაჰინია პავიშიჩი სერბული გრანდის, „ცრვენა ზვეზდას“ აღზრდილია. „თელავის“ 25 წლის სერბმა ლეგიონერმა საკუთარ კარიერაზე, საქართველოში ჩამოსვლაზე, ქართულ ფეხბურთსა და „თელავზე“ საინტერესოდ ისაუბრა.
„ბავშვობაში მართლაც მსიამოვნებდა „ცრვენა ზვეზდაში“ რომ ვთამაშობდი და გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა, რადგან იქ, სხვანაირად ვერც იქნები – „ცრვენა ზვეზდაში“ ყველა თამაში უნდა მოიგო. დიდ გუნდში გადასვლა კი ნამდვილად გამიჭირდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აშშ-ში წავედი სასწავლებლად და 2 წლის განმავლობაში კოლეჯში ვთამაშობდი. შემდეგ, როცა სერბეთში დავბრუნდი, ყველაფრის თავიდან დაწყება დამჭირდა და ბელგრადშივე, ნაკლებად ცნობილ გუნდს მივაკითხე.
„თელავამდე“ „სამტრედიაში“ ვთამაშობდი. როცა „თელავის“ ვარიანტი გამოჩნდა, მაშინვე ჩამოვედი. ეს გუნდი მომწონდა, ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, მაგარი მენტალიტეტი ჰქონდა და გუნდურად თამაშობა. როდესაც კლუბის დირექტორმა, სოსო გრიშიკაშვილმა დამირეკა, ძალიან გამიხარდა და პირობებზეც მარტივად შევთანხმდით. მადლობა ნდობისთვის, ხოლო ჩემს თანაგუნდელებს – კარგი მიღებისთვის. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.
– თამამად ვიტყვი, მიყვარს საქართველო. ძალიან ლამაზი ქვეყანაა, დიდი ისტორიით და ტრადიციით. გასულ წლებში ბევრი რამ მოვინახულე თქვენს ქვეყანაში და წელს ვგეგმავ, უფრო მეტი ვნახო, როცა დრო მომცემს ამის საშუალებას. ჯერ რაც ვნახე, თელავი მართლაც, რომ ულამაზესი ქალაქია, დიდი ისტორიით. ერთსაც ვიტყვი – გურმანი ვარ და ქართული კერძები ნამდვილად საოცრებაა!
„თელავის” მაისურით „დინამო თბილისს” გავუტანე, რაც ჩემთვის სადებიუტო გოლი იყო. ამ გუნდთან თამაში უკვე მოტივაციაა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე ვეთამაშებოდით. ძალიან გამიხარდა და გოლი ჩემს ძმისშვილს მივუძღვენი, რომელიც იმ დღეს დაიბადა.
ჩემი მშობლები და ძმა, რომელიც ასევე პროფესიონალი ფეხბურთელია და სერბეთის სუპერლიგაში თამაშობს, აგრეთვე ჩემი მეგობრები, ყველა შეხვედრას უყურებენ, მე და „თელავს“ ძალიან გვგულშემატკივრობენ, შემდეგ თამაშებსაც ვარჩევთ და ვაანალიზებთ. ჩემი შეყვარებული კი უმეტესად საქართველოშია, ჩემთან ცხოვრობს და თამაშებზეც ტრიბუნიდან მეხმარება, რაც ცხადია, ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
– სერბული „ცრენა ზვეზდა“ და „პარტიზანი“ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროთასებზე წარმატებულად თამაშობენ. ახლა სერბეთის ჩემპიონატი უეფა-ს რეიტინგში მე-11 ადგილზეა და მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში ორი გუნდი გვეყოლება, რაც სერბული ფეხბურთისთვის მართლაც უზარმაზარი მიღწევა იქნება. აქამდე მხოლოდ ამ ორ გუნდს ჰქონდა გარკვეული წარმატება ევროტურნირებზე, მაგრამ ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს შეიცვლება და კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება, რომელიც ევროპაში ასევე წარმატებით ითამაშებს.
– რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, სერბეთის ჩემპიონატი გაცილებით ძლიერია და ამაზე საუბარიც არ არის, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში აქ თამაშმა მაჩვენა, რომ საქართველოს ჩემპიონატში წინსვლაა და ვფიქრობ, წლევანდელი ჩემპიონატი ყველაზე ძლიერია მათ შორის, რაც აქამდე მითამაშია და ეს უკვე კარგია“.