„დილამ“ მოუგებელი სერია შეწყვიტა - „საბურთალომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო #1TVSPORT
„დილამ“ მოუგებელი სერია შეწყვიტა - „საბურთალომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 24-ე ტური გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართული მატჩით გაიხსნა – „დილამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

ანგარიში გორელებმა სწრაფად გახსნეს. მე-6 წუთზე კარში თორნიკე კაპანაძის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და საჯარიმოსთან ალეფ სანტოსმა მიიღო, მან კი ძლიერი გასროლის შემდეგ „საბურთალოს“ კარის ბადე შეარხია – 1:0.

ტაიმის ბოლოს თბილისელები გააქტიურდნენ და ერთმანეთის მიყოლებით სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. პირველ ორ შემთხვევაში ლევან ნონიკაშვილის გადაცემით გატანა შოთა ნონიკაშვილს შეეძლო, მაგრამ „დილას“ მეკარე დანილო კამინცევმა ორივეჯერ საიმედოდ ითამაშა.შემდეგ თავად ლევან ნონიკაშვილმა სცადა გატანა და შედეგს ვერც მან მიაღწია.

მეორე ტაიმში გორელები ისევ გააქტიურდნენ და „საბურთალოს“ კარი ორჯერ აიღეს. 55-ე წუთზე, რევაზ ჩიტეიშვილმა ეფექტური შორეული დარტყმით „დილას“ უპირატესობა ორამდე გაზარდა  -2:0. „საბურთალო“ თამაშის გადასარჩენად ვა-ბანკზე წავიდა და კონტრშტევაზე მესამე გოლი მიიღო. 72-ე წუთზე, თორნიკე კაპანაძე მცველს ეფექტურად გასცდა და მესამე გოლი გაიტანა.

„დილამ“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 37 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა, მაგრამ წყალტუბოს „სამგურალთან“ (39) ჩამორჩენა შეამცირა, „საბურთალომ“ კი (30) ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო, სულ კი 5 ტურია, არ მოუგია.

თბილისელებმა ქუთაისის „ტორპედოს“ (31) გადასწრების შანსი ვერ გამოიყენეს და მე-6 პოზიციაზე არიან, მაგრამ თუ „თელავმა“ (28) მოიგო, „საბურთალო“ კიდევ ერთი ადგილით დაქვეითდება.