StopCoV ფონდში დღეს მილიონ 370 ათასი ლარი არის მობილიზებული
StopCoV ფონდში დღეს მილიონ 370 ათასი ლარი არის მობილიზებული

StopCoV ფონდში უკვე 1 მილიონ 370 ათასი ლარი არის აკუმულირებული, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.

სპეციალური პლატფორმა – StopCoV ფონდი ბიზნესომბუდსმენის აპარატში შეიქმნა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აქტიური სურვილი გამოთქვეს.

„კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს.

აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში და ნათქვამია, რომ თანხა პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიიმართება.

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში #StopCoV ფონდის პრეზენტაცია გამართეს ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ.

ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.

დატოვე კომენტარი