სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილმა სამედიცინო მომსახურება განაახლა
სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილმა სამედიცინო მომსახურება განაახლა

სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილმა, რომელმაც მონიტორინგის სამსახურის მხრიდან შემოწმება გაიარა და ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, სამედიცინო მომსახურება უკვე აღადგინა.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ქეთევან გოგილაშვილის ინფორმაციით, 279-მა სტომატოლოგიურმა კლინიკამ შეავსო განაცხადი, მათგან 179 შემოწმდა, გახსნის ნებართვა კი 164-მა მოიპოვა.

იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული 1500-ზე მეტი სტომატოლოგიური კლინიკიდან მხოლოდ 279-ის შეტყობინება დაფიქსირდა, ქეთევან გოგილაშვილი ხსნის იმით, რომ ხელმძღვანელებს კრიტერიუმების დაკმაყოფილების იმედი არ ჰქონდათ.

„მინისტრის ბრძანება ძალაშია 22 მაისის ჩათვლით. 23 მაისიდან ჩვენ ველოდებით ახალ ბრძანებას, რამდენად უფლებამოსილი იქნება ყველა კლინიკა, რომ გაიხსნას. სულ 279 შეტყობინება არის გუშინდელი დღის ჩათვლით, დღეს ალბათ კიდევ დაემატა. იმ კლინიკებს, სადაც იყვნენ მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები და დადებითი შეფასება მიეცათ, უკვე შეეძლოთ გეგმური პაციენტების მიღება. ჩვენ პირადად, მანამდე ვმუშაობდით გადაუდებელ დახმარებაზე მხოლოდ; მხოლოდ ერთი კაბინეტი მუშაობდა ამ დიდი კლინიკიდან. ჩვენ ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და ვინც დააკმაყოფილა, ის კლინიკები აგრძელებენ მუშაობას. უბრალოდ, თუ ახალი განცხადებები შევიდა და მე მჯერა, რომ კიდევ ბევრი განცხადება შევა, აუცილებლად მონიტორინგის სამსახურს უნდა დაელოდონ, მათი პასუხის გარეშე კლინიკები ვერ დაიწყებენ მუშაობას. თუ ავიღებთ საერთო რაოდენობას და გავითვალისწინებთ თუნდაც 1500 კლინიკაზე, ცოტა შეტყობინება არის შესული რეგულირების სააგენტოში. არსებობს ძალიან სერიოზული მოთხოვნები, რომელიც „კოვიდ 19“-ის პრევენციის მიზნით უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ვფიქრობ, რომ რომელიმე მოთხოვნას თუ ვერ დააკმაყოფილებს, ან იმედი არ აქვს კლინიკას, ასეთ შემთხვევაში მათგან შეტყობინება ვერ შევიდოდა“, – განაცხადა გოგილაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ერთი კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაშიც კი,კლინიკა გახსნის უფლებას ვერ მიიღებს.

გოგილაშვილის განცხადებით, ყველა მოთხოვნის გათვალისწინება დიდ ფინანსურ რესურს მოითხოვს, რისი საშუალებაც ყველას არ აქვს.

„ეს მოთხოვნები შეეხება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მაღალი რისკისშემცველი სამედიცინო საქმიანობა გვაქვს, აეროზოლურ და წვეთოვან პროცედურებს ვახორციელებთ. ეკიპირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი ინდივიდუალური საშუალებებიც დაემატა ამას, დეეკიპირებას ანუ პაციენტის მიღების შემდეგ ნორმები როგორი უნდა იყოს, ამას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, არსებობს ინფრასტრუქტურული მოთხოვნები – კლინიკაში უნდა არსებობდეს ისეთი სივრცე პაციენტების მისაღებად, რომ ორმეტრიანი დისტანცია პაციენტებს შორის დაცული იყოს. ან უნდა იყოს სავარძელი დახურულ ოთახში ან თუ დარბაზული სისტემა არის, ოთხი მეტრი უნდა იყოს მანძილი მათ შორის. ასევე სტერილიზაციისა და დეზინფექციის მთელი პროტოკილი მოქმედებს; ინფექციაზე პასუხისმგებელი სერტიფიცირებული პირი უნდა ჰყავდეს კლინიკას და ასევე, შრომის უსაფრთხოების სამსახური უნდა მუშაობდეს. ამასთან, კლინიკას უნდა ჰქონდეს ან ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია. საკმაოდ ძვირი ღირს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და შემოსავალი როდესაც კლინიკას არ აქვს, ესეც გასათვალისწინებელია“, – განაცხადა გოგილაშვილმა.