სტოკჰოლმში საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინო წარადგინეს
სტოკჰოლმში საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინო წარადგინეს

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულ საკვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში GastroNord 2018 ქართული ღვინის მწარმოებელი ცხრა კომპანია მონაწილობდა, რომელთაც გამოფენაზე სხვადასხვა სახეობის ღვინო, ასევე ჭაჭა და ბრენდი წარადგინეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინო აღნიშნულ გამოფენაში პირველად იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი მალხაზ კაკაბაძე დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში GastroNord 2018 მონაწილეობდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „შატო ქუმსიაშვილი“, „ქაპ ჯორჯია/ბრუალე“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „საწნახელი“, „ვარციხის მარანი“, „ბესინი“, KTW, „ჩიგოგიძის ღვინოები“ და „წინანდლის მამული“.

GastroNord 2018-ზე სულ 500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, GastroNord პირველად 1985 წელს მოეწყო და ორ წელიწადში ერთხელ იმართება. თავისი არსებობის მანძილზე გამოფენა ითვლება ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად საქმიანი შეხვედრებისა და კომერციული პარტნიორების მოძიების კუთხით.