სტოკჰოლმში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
სტოკჰოლმის ცენტრში ორსართულიანი ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის პოლიცია ავრცელებს.
სტოკჰოლმის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანია დაზარალებული. ამასთან, სამაშველო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ინციდენტის მომენტში ავტობუსში მგზავრები არ ყოფილან.
როგორც შვედეთის პოლიციაში განმარტეს, ეს განზრახ თავდასხმა არ ყოფილა, თუმცა რა გახდა ინციდენტის მიზეზი, უცნობია. პოლიციამ ავტობუსის მძღოლი დააკავა. გამოძიება გრძელდება.
შემთხვევას გამოეხმაურა შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.
„ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გახდა მომხდარის მიზეზი, მაგრამ ამ მომენტში ჩემი ფიქრები დაზარალებულებთან და მათ ოჯახებთანაა“, – წერს კრისტერსონი სოციალურ ქსელში.