სტივენ ბიგანი - „კოვიდ-19“- ის კრიზისი არის ბოლო მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკა - საქართველოს თანამშრომლობა
სტივენ ბიგანი - „კოვიდ-19“- ის კრიზისი არის ბოლო მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკა - საქართველოს თანამშრომლობა

„კოვიდ-19“- ის კრიზისი არის ბოლო მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკა – საქართველოს თანამშრომლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.

ბიგანმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, შთაბეჭდილების ქვეშ არის.

„კოვიდ-19“- ის კრიზისი არის ბოლო მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკა – საქართველოს თანამშრომლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. როცა თეთრ სახლში,  „კოვიდ-19“- თან ბრძოლის შტაბში ვმუშაობდი, შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი საქართველოს ძალისხმევით ამ საშიში დაავადების შეკავების კუთხით. ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის და დახმარების პერიოდში საქართველომ ააშენა სტაბილური და ძლიერი სამედიცინო ინსტიტუტები. კოვიდთან ბრძოლაში აშშ საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი დოლარით დაეხმარა, „იუესეიდმა“ მიმდინარე პროგრამებზე დამატებით 14 მილიონი გამოყო, რამაც უნდა უპასუხოს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს“, – განაცხადა სტივენ ბიგანმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ლუგარის ლაბორატორიასა და მის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც ისაუბრა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას როგორც თავდაცვისუნარიანობის, ისე დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით.

„ჩვენ ასევე, ამაყები ვართ რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრით, რომელიც ამერიკის დაფინანსებით აშენდა და ახლა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ იმართება, რომელიც კოვდთან ბრძოლაში პირველ ხაზზე იყო. რა თქმა უნდა, არავისთვისაა უცხო, რომ ლუგარის ლაბორატორია რუსეთის დეზინფორმაციის მთავარი მიზანი გახდა, რადგან ეს ცენტრი გამოხატავს ქართველი ხალხის დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილს. აშშ გააგრძელებს საქართველოსთან მუშაობას, რომ ეს ინტეგრაცია გაგრძელდეს, ნატო-ს და ევროკავშირის დახმარებით. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, რათა საკუთარი ტერიტორიები დაიცვას. მხოლოდ 2020 წელს ამერიკამ საქართველოსთვის 66 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს წვლილს საერთაშორისო მისიებში“, – განაცხადა სტივენ ბიგანმა.

დატოვე კომენტარი