სტივ უიტკოფი - მჯერა, პუტინს მშვიდობა სურს, მე უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ მას სურს მთელი ევროპის დაპყრობა, გაცილებით განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო
სტივ უიტკოფი - მჯერა, პუტინს მშვიდობა სურს, მე უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ მას სურს მთელი ევროპის დაპყრობა, გაცილებით განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი საუდის არაბეთში მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და ამბობს, რომ პუტინს მშვიდობა სურს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„მე მჯერა, რომ მას მშვიდობა სურს“, – განაცხადა უიტკოფმა.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაცია დღეს საუდის არაბეთში უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ხვალ კი, ასევე საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები შეხვდებიან.

„ვფიქრობ, რომ ორშაბათს საუდის არაბეთში რეალურ პროგრესს ნახავთ, განსაკუთრებით, შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტას ორ ქვეყანას შორის გემების მიმართ. ამის შემდეგ კი გადავალთ სრულმასშტაბიან ცეცხლის შეწყვეტაზე“, – განაცხადა უიტკოფმა.

პუტინის მიმართ დასავლური კრიტიკის შესახებ კითხვაზე უიტკოფმა განაცხადა, რომ სჯერა, ყველა ამბავს ორი მხარე აქვს.

„მე უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ მას სურს მთელი ევროპის დაპყრობა. ეს გაცილებით განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო“, – განაცხადა უიტკოფმა.​​​​​​​​​​​​​​​​

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები დაიწყო.