სტივ უიტკოფი „ჰამასის“ წარმომადგენელ ხალილ ალ-ჰაიასთან შეხვედრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოეს მომავალში „ჰამასის“ წარმომადგენელს, ხალილ ალ-ჰაიასთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უიტკოფისა და ალ-ჰაიას შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
გამოცემის წყაროების თანახმად, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ძირითადად ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვას აპირებს.
ეს სტივ უიტკოფის მეორე შეხვედრა იქნება ხალილ ალ-ჰაიასთან. მანამდე ისინი ერთმანეთს ოქტომბერში, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დროს შეხვდნენ.
ხალილ ალ-ჰაია ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში თანამონაწილედ მიიჩნევა.