სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ირანთან მოლაპარაკებებისთვის 25 აპრილს პაკისტანში გაემგზავრებიან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი 25 აპრილს, დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებების გასამართად, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
ლევიტმა აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარეს ირანელები დაუკავშირდნენ და პირადი საუბარი მოითხოვეს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, შუამავლობას ისევ პაკისტანელები შეასრულებენ.
„ვიცე-პრეზიდენტი კვლავ ღრმად არის ჩართული მთელ ამ პროცესში და ის აქ, შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და ეროვნული უსაფრთხოების მთელ გუნდთან ერთად იქნება სიახლეების მისაღებად. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში ყველა მზად იქნება პაკისტანში გასაფრენად. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის მხრიდან გარკვეული პროგრესი ნამდვილად დავინახეთ. კიდევ ერთხელ, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, სტივი და ჯარედი ირანელების მოსასმენად გაგზავნოს, ამიტომ ვნახოთ, რას იტყვიან ისინი“, – აღნიშნა ქეროლაინ ლევიტმა.