სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მორიგ მოლაპარაკებებს 23 მარტს გამართავენ
სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მორიგ მოლაპარაკებებს 23 მარტს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ 23 მარტს საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

როგორც უიტკოფმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, აშშ-ის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი მაიკ უოლცი.

უიტკოფის თქმით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტა „რუსებთან შეთანხმებულია“.

„იმედი მაქვს, უკრაინელები ასევე დათანხმდებიან ამას. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული დეტალები, რომლებიც უნდა განვიხილოთ. ეს დაიწყება კვირას, ჯიდაში და ჩვენ გავმართავთ კარგ მოლაპარაკებებს, რათა დადებით შედეგებს მივაღწიოთ“, – განაცხადა უიტკოფმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის ინიციატივას უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის შესახებ და რუს სამხედროებს უკვე მისცა შესაბამისი ბრძანება.