სტიქიით დაზარალებული სოფელ ქერეს მოსახლეობა ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვს
სტიქიით დაზარალებული სოფელ ქერეს მოსახლეობა ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვს

სტიქიით დაზარალებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვს.

სოფელ ქერეს მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ისინი სოფლის მეურნეობის მინისტრის შეთავაზებაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ მთავრობის მიერ მათთვის შეთავაზებული 200 ლარიანი ვაუჩერი ვერ აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს. სოფლის მოსახლეობამ დღეს უარი განაცხადა ასევე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღრიცხვაზე და არც შესაბამის დოკუმენტზე მოაწერეს ხელი.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მთავრობას სამდღიან ვადას აძლევენ, რის შემდეგაც საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.

​სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გორში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გუშინ შეხვდა. შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორიც ესწრებოდა.

როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, უწყებას ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შუამდგომლობა უკვე დაწყებული აქვს და დაზარალებულებისთვის სესხების გადავადების შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულები ჰექტარზე 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. მისივე თქმით, საირიგაციო გადასახადს ბარათების მეშვეობით სახელმწიფო დაფარავს.

გორის მუნიციპალიტეტის 15 სოფელი 25 მაისს დაისეტყვა.