სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა
სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზები დაიტბორა და მოქალაქეები გარკვეული შეზღუდვებით გადაადგილდებოდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები სტიქიის ზონებში სატრანსპორტო მოძრაობას არეგულირებენ და მოქალაქეებს გადაადგილებაში ეხმარებიან“, – აღნიშნავენ სამინისტროში.

ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში, კახეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მე-15 კილომეტრთან, ჩამოშლილი მიწის მასის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სხვა შესაბამისი სამსახურები.

რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები სტიქიით შედეგად დაზიანებულ გზებზე მძიმე ტექნიკის დახმარებით, ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. დღეს, დილას მოხერხდა გზის აღნიშნული მონაკვეთის ნაშალისგან გათავისუფლება. ამ დროისთვის, გზები გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ასევე, ჩაქვსა და მახინჯაურში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოძრაობას არეგულირებენ. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა სამეგრელოს რეგიონსაც, თუმცა, ამ ეტაპზე რეგიონში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია და გზებზე არსებულ ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად, გურიის რეგიონში დილის საათებში გზებზე მცირედი შეფერხება იყო. სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება.

დატოვე კომენტარი