სტეფანწმინდის პოლიციაში „ავიატორის+“-ის თანამშრომლები დაკითხეს
სტეფანწმინდის პოლიციაში „ავიატორის+“-ის თანამშრომლები დაკითხეს

სტეფანწმინდის პოლიციაში „ავიატორის+“-ის თანამშრომლების ხუთსაათიანი დაკითხვა დასრულებულია. კომპანიის ადვოკატის, კახაბერ წერეთლის განცხადებით, ამ დროისთვის ექვსი თანამშრომელი იმყოფებოდა პოლიციაში, რომელთაგან მხოლოდ ნაწილის დაკითხვა ჩათვალა საჭიროდ გამოძიებამ.

კახაბერ წერეთელი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამართალდამცველებთან თანამშრომლობენ.

„სამართალდამცველების კითხვები ეხებოდა იმ შემთხვევას, რაც დღეს მოხდა, თუ როგორ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, ტექნიკური ნორმატივები და სხვადასხვა. ძალიან ბევრი დოკუმენტაციაა ჩვენი მხრიდან წარდგენილი. კიდევ მზადდება არაერთი დოკუმენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოძიებას გადაეცემა. ჯერ ვარაუდებზე არ არის საუბარი, უნდა დადგინდეს გარემოებები და ამის დადგენის ინტერესი აქვს თავად კომპანიასაც, რომ რაც შეიძლება დროზე გაირკვეს სიმართლე.

დღეს უშუალოდ გამოიკითხნენ კომპანიის თანამშრომლები. ისინი სრულად ყვებიან სურათს, თუ რა ვითარებაც არის კომპანიაში. შესაძლებელია დაკითხვები ხვალაც გაგრძელდეს. ეს გამოძიების გადასაწყვეტია. კომპანიის თანამშრომლები მაშინვე გამოცხადდებიან, როგორც კი მოხდება მათი დაბარება.

დღეს ცალკეული მედია საშუალებების მიერ გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ხვალ კომპანია „ავიატორი+“ გაავრცელებს განცხადებას, ვგულისხმობ იმას, რომ თითქოს ეს იყო სატესტო ფრენა და ა.შ უფრო მეტი დეტალის თქმისგან თავს შევიკავებ, რადგან ხვალ ამ ყველაფერზე კომპანია გაავრცელებს განცხადებას“,- განაცხადა ადვოკატმა.

6 ივნისს, ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა, დაიღუპა სამი ადამიანი.

ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენი BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების იყო, გამოშვებულია 2018 წელს.