სტეფ ბლოკი - ველოდები, რომ წელს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება
სტეფ ბლოკი - ველოდები, რომ წელს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება

საქართველო გატარებული რეფორმებით რეგიონისთვის სამაგალითოა, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა თბილისში განაცხადა, ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს ასევე მოლოდინს, რომ მაღალი სტანდარტი შენარჩუნდება.

„მე ველოდები, რომ წელს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. მინდა, ამ არჩევნების კონტექსტში ხაზი გავუსვა, რომ აუცილებელია ყველა სადავო საკითხზე მაღლა დადგომა და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნება. ეს საქართველოს გააძლიერებს, როგორც დემოკრატიას და ერს“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, სტეფ ბლოკის განცხადებით, ნიდერლანდები რეფორმების პროცესში საქართველოს პარტნიორად დარჩება.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ დავით ზალკალიანმა და სტეფ ბლოკმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.