სტეფ ბლოკი აცხადებს, რომ ნიდერლანდები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გამო
სტეფ ბლოკი აცხადებს, რომ ნიდერლანდები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენების გამო

ნიდერლანდები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფ ბლოკმა განაცხადა, რომელიც თბილისში იმყოფება.

მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს მისწრაფება რეფორმებისადმი შთამბეჭდავია.

„ნიდერლანდები რეფორმების პროცესში საქართველოს პარტნიორად დარჩება. რეფორმებისადმი თქვენი მისწრაფება განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ უსაფრთხოების კუთხით არსებულ რთულ სიტუაციას. ნიდერლანდები კვლავ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენების გამო. ეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებებს ეხება. მე ვეწვევი ევროკავშირის მისიას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, მისი თქმით, ნიდერლანდები აფასებს საქართველოს, როგორც ნატო-ს ღირებულ პარტნიორს.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, როგორც ნატო-ს ღირებულ პარტნიორს და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ევროკავშირთან მის მჭიდრო ურთიერთობებს. იმედი გვაქვს, ამ პროგრამის დღის წესრიგის განახლებაზე შევთანხმდებით, რაც მოქალაქეებისთვის ხელშესახებ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა სტეფ ბლოკმა.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში სტეფ ბლოკი დღეს ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

დატოვე კომენტარი