„სიენენ თურქი“ (CNN Turk) - სტამბოლში ქართველებსა და რუსებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ერთი ქართველი დაიღუპა [ვიდეო]

სტამბოლის ფათიჰის რაიონში ქართველებსა და რუსებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. როგორც „სიენენ თურქი“ (CNN Turk) იტყობინება, სროლის შედეგად დაიღუპა 56 წლის ქართველი მამაკაცი.

მედიასაშუალების ცნობით, ჩხუბი დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის სასტუმროში დაიწყო. მამაკაცებმა ცეცხლსასროლი იარაღი და დანები გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად, დაშავდა ერთი რუსი, ხოლო ერთი ქართველი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. პოლიცია ვიდეოკამერების ჩანაწერებს სწავლობს. დაკავებულია ერთი ადამიანი.

ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს კონსულს აქვს კომუნიკაცია ადგილობრივ სამართალდამცველებთან და ელოდებიან მათგან ოფიციალურ შეტყობინებას. საქართველოს საგარეო უწყებაში ამ დროისთვის სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

დატოვე კომენტარი