სტამბოლში დღეიდან სამგზავრო რეისები ახალი აეროპორტიდან შესრულდება
სტამბოლში დღეიდან სამგზავრო რეისები ახალი აეროპორტიდან შესრულდება

სტამბოლში დღეიდან ახალი აეროპორტი იმოქმედებს. ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე სამგზავრო ბოინგმა სტამბოლი-სინგაპურის რეისი შეასრულა, რაც ათათურქის აეროპორტისთვის ბოლო სამგზავრო ფრენა იყო. ფრენების 12 საათიანი შეჩერების შემდეგ, სამგზავრო რეისები უკვე სრულად ახალი აეროპორტიდან შესრულდება.

სტამბოლის ახალ აეროპორტში ამჟამად რამდენიმე ათასი ტონა ტექნიკის განთავსება სრულდება. მისი გახსნის ოფიციალური ცერემონია გასული წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრო.

ახალი აეროპორტის მშენებლობის ყველა ეტაპი 2023 წელს დასრულდება, რის შემდეგაც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება, რომელიც წლიურად 200 მილიონ მგზავრს მიიღებს. აეროპორტის საერთო ფართი 76,5 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს. აეროპორტს 500 თვითმფრინავის გასაჩერებლად გამოყოფილი ადგილი ექნება. ამასთან, უდიდეს აეროპორტს მსოფლიოს 250 ავიაკომპანიის მიღება შეეძლება, საიდანაც ფრენები 350 მიმართულებით განხორციელდება.

ამ დროისთვის გაწერილი გეგმით, ახალ აეროპორტში ყოველდღიურად 2 ათასი ფრენა შესრულდება.