სტამბოლში დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
სტამბოლში დაკავებული მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერი მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა იმამოღლუს გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.
„ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას შედეგების მიღწევამდე“, – განაცხადა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, ოზგურ ოზელმა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ასევე, 8 აპრილს სტამბოლის მერის დაკავების გასაპროტესტებლად სტამბოლსა და ანკარაში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
შეგახსენებთ, 19 მარტს კორუფციის ბრალდებით დააკავეს ეკრემ იმამოღლუ. ის თურქეთში რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება. 23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმავე დღეს „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ეკრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. იმამოღლუს დაკავებას კი თურქეთის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ცნობილია, რომ აქციებზე შსს-მ 2000 ადამიანი დააკავა.