სტამბოლის მერის, ოპოზიციური პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ავტობუსს აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს [ვიდეო]

თურქეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს ავტობუსს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს. იმამოღლუ მთავარი ოპოზიციური, „რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან“ ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატია.

ექრემ იმამოღლუ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თავის გუნდთან ერთად, ქალაქ ერზრუმში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსის სახურავზე ასული სიტყვით გამოდიოდა. ინციდენტის შემდეგ მერმა გამოსვლა შეწყვიტა, ტერიტორია დატოვა და განაცხადა, რომ ერზრუმის გუბერნატორისა და პოლიციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. მერის თქმით, შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები თურქეთში 14 მაისს არის დაგეგმილი. ქვეყნის ლიდერობისთვის ოთხი კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იბრძვის.