სტამბოლის ევროპულ ნაწილში 8 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია გაიხსნება
სტამბოლის ევროპულ ნაწილში 8 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია გაიხსნება

სტამბოლის ევროპულ ნაწილში 8 ოქტომბერს მართლმადიდებლური ეკლესია გაიხსნება. როგორც თურქული მედია წერს, ამას აქვს ისტორიული მნიშვნელობა არა მხოლოდ ადგილობრივი ქრისტიანებისთვის, არამედ მთელი თურქეთისთვის, რადგან ეს არის პირველი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან აშენდა.

სტამბოლში სირიული ფონდის პრეზიდენტმა, საიტ სუსინმა განაცხადა, რომ წმინდა ეფრემის სახელობის სირიული მართლმადიდებლური ტაძარი 10 წელი შენდებოდა, საიდანაც შვიდი წელი ფორმალურ პროცედურებს დასჭირდა.

გამოცემა Daily Sabah-ი წერს, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ეკლესიას საფუძველი 2019 წელს ჩაუყარა. თავდაპირველად, მისი გახსნა 19 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო ეკლესიის გახსნა გადაიდო.

ეკლესია 750 ადამიანზეა გათვლილი. გახსნის შემდეგ, კვირას ტაძარში პირველი ღვთისმსახურება გაიმართება.