სტამბოლი-ჰამბურგის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა, მედიის ცნობით, ის კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა
სტამბოლი-ჰამბურგის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა, მედიის ცნობით, ის კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა

ავიაკომპანია „პეგასუსის“ სტამბოლი-ჰამბურგის რეისზე გარდაცვლილი მამაკაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გამოცემა „შპიგელი“ წერს, რომ შემთხვევა გასულ კვირაში მოხდა. 51 წლის მამაკაცი რეისის შესრულების დროს გარდაიცვალა. ის გერმანიის მოქალაქე, შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგიონის მცხოვრები იყო.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი მარტო მგზავრობდა, ის ფანჯარასთან იჯდა. მისი გარდაცვალება დანარჩენმა მგზავრებმა ვერ გაიგეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეძინა.

ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ მამაკაცს სხვა სერიოზული დაავადებებიც ჰქონდა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავის ბორტზე ინფიცირებული პირი, რადგან თურქეთიდან გერმანიაში გამგზავრების წინ სავალდებულოა „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხისა და ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.