მედიის წარმომადგენლებმა სტამბა „კოლორპაკი“  დაათვალიერეს და პროკურატურაში წარსადგენი დოკუმენტაცია გადაიღეს
მედიის წარმომადგენლებმა სტამბა „კოლორპაკი“ დაათვალიერეს და პროკურატურაში წარსადგენი დოკუმენტაცია გადაიღეს

სტამბა „კოლორპაკმა“ მედიის წარმომადგენლები მიიწვია და  პროკურატურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები გადააღებინა.  კომპანიას ამ დროისათვის პროკურატურის წარსადგენად მზად აქვს ბოლო ორი წლის დოკუმენტაცია.

„პალიტრამედიამ” 24 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც სტამბაში შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს ბოლო ოთხი წლის სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია. მოგვიანებით საგამოძიებო უწყებამ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველო აწარმოებს გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „კოლორპაკმა“ პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება კი, 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცა განჩინება შპს ,,კოლორპაკის“ სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე.

„აქ ჩვენ ყველა ტიპის ეტიკეტს ვბეჭდავთ. აღნიშნული თანხა დაიხარჯა ამ საამქროსთვის, თუმცა ეჭვებზე ვერ გეტყვით. ჩვენ გამზადებული გვაქვს დოკუმენტები და ეტაპობრივად გადავცემთ. ვინ რატომ დაეჭვდა და რატომ დაინტერესდნენ ჩვენი დოკუმენტაციით, ამას ვერ გეტყვით”- განაცხადა „კოლორპაკის” დირექტორმა, გიორგი ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას .