სოფო ქაცარავა - ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციის მაგალითია
სოფო ქაცარავა - ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციის მაგალითია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა და არის დეზინფორმაციის მორიგი კლასიკური მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„აშშ-სა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებულია სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და ურთიერთმხარდაჭერაზე. ორი ქვეყანა ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა ერთმანეთთან.

ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო ამ ურთიერთობების გამოვლინება, რომელმაც ჩვენი კავშირები ახალ საფეხურზე გადაიყვანა, განსაკუთრებით კი თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, რაც ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – წერს სოფო ქაცარავა.

ამ თემაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, „სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის, ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს“.