საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შემდგომში – “აუდიტის სამსახური“) მიერ წარმოდგენილ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში (შემდგომში – “ანგარიში“) მითითებულ ზოგიერთ მოსაზრებებს/გაკეთებულ დასკვნებს არ ვეთანხმებით შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საბიუჯეტო პროცესების მართვა (გვ. 10-11)
წარმოდგენილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის ამ ნაწილის განხილვის ფარგლებში, აუდიტორთა მიერ ბიუჯეტირების პროცესების მართვასთან დაკავშირებით ჩატარებული სამუშაოების შედეგად მიღებული დასკვნის შესახებ ვაფიქსირებთ შემდეგს:
o უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბიუჯეტირების პროცესის მართვასთან დაკავშირებით, აუდიტის ჯგუფის წევრებთან არაერთხელ წარიმართა მსჯელობა. ასევე, მუშაობის პროცესში მათთვის არაერთი წერილობით პასუხი იყო მიწოდებული სხვადასხვა კითხვებზე, თუმცა ანგარიშის შინაარსიდან ცალსახად ირკვევა, რომ აუდიტის ჯგუფის წევრებმა საბოლოო დოკუმენტის შემუშავების დროს არცერთი სიტყვიერი თუ წერილობითი პასუხი არ გაითვალისწინეს და მასში აღწერილია აუდიტორთა მხოლოდ პირველადი მოსაზრებები, მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ყოველგვარი კორექტირებისა და ცვლილების გარეშე. ამასთან, ვფიქრობთ, რომ ანგარიშში აღწერილი გარკვეული გარემოებები მოკლებულია დასკვნის გამოსატანად საჭირო შესაბამის აუდიტორულ მტკიცებულებებს.
o მაგალითად, ანგარიშში აღწერილია გადახრა დამტკიცებულ ბიუჯეტსა და საკასო შესრულებას შორის და არ არის გათვალიწინებული 21.02.2017 მოწოდებული წერილი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ბიუჯეტირების ელექტრონულ ვერსიაში განაცხადის ატვირთვისა და შემდგომ ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა: „სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური სამსახურის მიერ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ბიუჯეტის (დაუმტკიცებელი ვერსიის) ატვირთვა ხდება ყოველი წლის პირველ სექტემბრამდე. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ აღნიშნული განაცხადის მონაცემები არის პირველადი სახის და ეყრდნობა იმ პერიოდისთვის არსებულ ბიუჯეტის სამუშაო პროექტს, რომელიც აგვისტოდან დეკემბრამდე განიცდის მრავალ ცვლილებას და საბოლოოდ მტკიცდება დეკემბერში სამეურვეო საბჭოს მიერ. სწორედ დამტკიცებული ბიუჯეტი არის შემდგომში საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი.“ ასევე „ტელევიზიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალური, დაზუსტებული სახელმძღვანელო ბიუჯეტი არის ის, რასაც სამეურვეო საბჭო დირექტორთა საბჭოსთან ერთად განიხილავს და ამტკიცებს დეკემბერში“. შესაბამისად, ნებისმიერი ჩანაწერი „სხვაობა გადახდა/თავდაპ“, რომელიც დაფუძნებულია არითმეტიკულ სხვაობაზე განაცხადის მონაცემსა და გადახდის მოცულობას შორის, არ ასახავს ცვლილებას დამტკიცებულ ბიუჯეტსა და რეალურ გაწეულ საკასო ხარჯს შორის. სხვაობა უნდა იყოს გაანგარიშებული არა გადახდას მინუს თავდაპირველი ბიუჯეტი, არამედ გადახდას მინუს დამტკიცებული ბიუჯეტი, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის დამტკიცებული ბიუჯეტი წარმოადგენს ფინანსურ დოკუმენტს, რომელიც დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ და გათვალისწინებულია მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს დასახული გეგმები და პრიორიტეტები, ხოლო თავდაპირველი ბიუჯეტი წარმოადგენს სამუშაო პროექტს.
o არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ წლის განმავლობაში დამტკიცებული ბიუჯეტის ცვლილება აუდიტის სამსახურმა მიიჩნია „საბიუჯეტო მართვის პროცესის მნიშვნელოვან დარღვევად“. საბიუჯეტო ცვლილებები ყოველთვის ხორციელდებოდა არსებული გამოწვევებისა და შექმნილი მდგომარეობის შესაბამისად. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უფრო ფასეული იქნებოდა, თუკი სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღმოაჩენდა ხარვეზებს თითოეულ განხორციელებულ საბიუჯეტო ცვლილებაში და წარმოადგენდა რეკომენდაციებს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
o „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. შესაბამისად, წლის დასაწყისში ბიუჯეტირების პროცესში ფინანსური რესურსების გადანაწილება/მიკუთვნების დროს საბიუჯეტო ჭერიდან სრულად განისაზღვრება 1,5%, როგორც რესურსი სამურვეო საბჭოს საქმიანობის დასაფინასებლად. მოცემული ბიუჯეტი არ საჭიროებს ცალკეულ კორექტირებას წლის განმავლობაში თითოეული წევრის გათავისუფლების შემთხვევაში (იქნება ეს პირადი განცხადების საფუძველზე თუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვა) და შემდგომ ახალი წევრის დანიშვნის შემთხვევაში ახალ კორექტირებას.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.
სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სარედაქციო (და არა მხოლოდ) დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა გარანტირებული და უზრუნველყოფილია კანონის მე-18 მუხლით. ამ ნორმის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.
ასევე, “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წარმოადგენს დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც კანონით („მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი) არის შექმნილი და არა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის აქტით. გარდა ამისა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტის ფორმირება (მისი ოდენობა) ასევე არ არის დამოკიდებული რომელიმე ორგანოს/დაწესებულების ან პირის გადაწყვეტილებაზე, არამედ პირდაპირ განმტკიცებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, კერძოდ, ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადების შესაბამისად, „საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.“
მიგვაჩნია, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშის ამ ნაწილში ხარვეზად მითითებული სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის პარამეტრების (და შემდგომში კორექტირებული ბიუჯეტის პარამეტრების) შეუსაბამობა ფინანსთა სამინისტროში გადაგზავნილ თავდაპირველ პარამეტრებთან, თავისი შინაარსით შესაძლებელია გავრცელდეს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე და არა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომლის მმართველობითი დამოუკიდებლობა, ზეგავლენისაგან და ჩარევისაგან დაცვა განმტკიცებული და უზრუნველყოფილია კანონით. მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-5 პუქნტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს გარემოება არ გულისხმობს სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი ყველა სხვა ორგანოს ანალოგიურად მის შეფასებას და ფინანსური ზედამხედველობის განმახორცილებელი ორგანოს საქმიანობის არეალში მის ავტომატურად მოხვედრას და დაქვემდებარებას.
2. სამეურვეო საბჭოს საქმიანობა (გვ. 11-13)
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტი ყოველთვის მტკიცდებოდა წლების განმავლობაში დაფუძნებული პრაქტიკის შესაბამისად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წინა პერიოდებში მომზადებულ ანგარიშებში არასდროს გამოუთქვამს შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი არ მტკიცდებოდა ტელემაუწყებლობის, სამაუწყებლო არხების, რადიომაუწყებლობისა და მმარველობითი ხარჯების კატეგორიების მიხედვით. მიუხედავად ამისა, სამეურვეო საბჭოს რეკომენდაციით, 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს შეიცვალა მიდგომა და დაინერგა ახალი პრაქტიკა.
2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელობდა დანართებით, სადაც წარმოდგენილი ხარჯები ჩაშლილი იყო გადაცემებისა და სამაუწყებლო არხების მიხედვით. აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს მუშაობის პროცესში გადაეცა აღნიშნული დანართები და დეტალურად განემარტა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი.
ვერ დავეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ „სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ 2016 წლის ბიუჯეტში სათანადოდ არ იყო დასაბუთებული ცალკეული კატეგორიის ხარჯები“. ბიუჯეტის დამტკიცების დროს არაერთი შეხვედრა იმართება, სადაც დეტალურად განიხილება თითოეული ხარჯის კატეგორია.
2016 წლის აგვისტოში დაკორექტირებულ და ფაქტიურ ბიუჯეტს შორის სხვაობა განპირობებული იყო მთელი რიგი ობიექტური მიზეზით:
1. დირექტორის ცვლილებით;
2. ხელშეკრულებებში შეტანილი კორექტირებებით;
3. სავალუტო კურსის ცვლილებით.
ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომ სამეურვეო საბჭომ უნდა აკონტროლოს სახელმწიფო ასიგნებების ხარჯები კატეგორიების მიხედვით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს“. შესაბამისად, ბიუჯეტის დამტკიცება დამოკიდებულია მისი წარმოდგენის ვადაზე. სამეურვეო საბჭოს არ გააჩნია სახელმწიფო ხაზინასთან ურთიერთობის უფლებამოსილება, ასევე მის უფლებამოსილებაში არ შედის ასიგნებების ხარჯების კატეგორიების კონტროლი. გარდა ამისა, შეუძლებელია სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გასაგზავნი პარამეტრები ბიუჯეტის დამტკიცებამდე.
2.1. სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე გაზრდილი თანამდებობრივი სარგოები (გვ. 12)
o „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს და მეურვის უფლება-მოვალეობებს.
o აღნიშნულ მუხლში არსად არის მითითებული იმის შესახებ, რომ შრომის ანაზღაურების ოდენობის გაზრდა ან შემცირება წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს კომპეტენციას. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, მათ შორის, შრომის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხება ამა თუ იმ დასაქმებულთან შრომის არსებითი პირობების, მათ შორის, შრომის ანაზღაურების ოდენობის შეცვლის საკითხს, ამას წყვეტს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
o სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტში ამ მხრივ ცვლილება არ განხორციელებულა და შრომის ანაზღაურების ცვლილება მოხდა არსებული ბიუჯეტის ფარგლებში.
o გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით ანგარიშში მოყვანილი ფაქტი ეხება 2016 წელს, როცა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელსა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას“ შორის დაწყებული კოლექტიური დავის ფარგლებში, განსაზღვრული კატეგორიის თანამშრომლებს, გარკვეული პარამეტრების დაცვით, გაეზარდათ შრომის ანაზღაურება. აღნიშნული კოლექტიური დავის მედიაციის პროცესში მონაწილეობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი – ლევან ჟორჟოლიანი, ასევე ინტენსიურად ჩართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო. საკითხი არაერთი განხილვის საგანი იყო სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს შორის და ფართოდ შუქდებოდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება განხორციელდა ყველა არსებული საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით.
2.2. საშტატო განრიგი
o სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ 2015 წლის მაისში მაუწყებლის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შემდეგ, ამავე წლის 5 ოქტომბერს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ (გენერალური დირექტორის წარდგინებით) მიღებული იყო გადაწყვეტილება (#301) დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებდა მაუწყებლის სტრუქტურის ახლებურად განსაზღვრას.
მაუწყებლის სტრუქტურის შეცვლის შედეგად განსახორციელებელი სამუშაოების/პროცესების შესასრულებლად 2015 წლის 6 ოქტომბრიდან გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი და დაიწყო ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელების პროცესი, რომელიც ამჟამადაც გრძელდება.
ამავე პერიოდში დაიწყო ახალი სტრუქტურის შესაბამისი საჭირო ადამიანური რესურსების – თანამშრომლების პოზიციების-თანამდებობების აღწერილობების და სტრუქტურული ერთეულების დებულებების შემუშავება. დაიწყო მუშაობა არსებული პროგრამული პრიორიტეტებით დეკლარირებული დებულებების და დამტკიცებული სტრატეგიის პრინციპების რეალიზაციისთვის აუცილებელი ადამიანური რესურსების განსაზღვრაზე, ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკაზე, როგორც სამოქმედო დოკუმენტზე, რომელიც სხვადასხვა საკადრო საკითხს მოიცავს. პარალელურად დაიწყო მუშაობა საშტატო განრიგის პროექტზე, რომელიც დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, ასევე თანამდებობრივი პოზიციების შესაბამისი სახელფასო განაკვეთების რანჟირების სისტემაზე.
ყველა ამ პროცესის ფონზე დებულებაში, კერძოდ, სტრუქტურის ნაწილში გამოიკვეთა რიგი დამატებითი ცვლილებების შეტანის საჭიროება. ამას დაემატა უცხოურ კომპანიასთან თანამშრომლობის თითქმის 6-თვიანი პერიოდის დასრულება, რის შედეგადაც მიღებულია ახალი საინფორმაციო სამსახურის შექმნის და ფუნქციონირების სახელმძღვანელო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, კერძოდ კი, სტრუქტურაში დამატებითი ცვლილებებია შეტანილი.
აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ზ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი ფუნქცია – დაამტკიცოს მაუწყებლის საშტატო განრიგი, ამავე დროს, აღნიშნული ფუნქციის განხორციელებისთვის ამავე კანონით არ არის განსაზღვრული რაიმე კონკრეტული ვადა ან პერიოდი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სამეურვეო საბჭო როგორც 2015 წელს (იხ. სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი #308), ასევე 2016 წელს (იხ. სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი #335) აღნიშნავდა ადამიანური რესურსების მართვის მარეგულირებელი დოკუმენტების, მათ შორის, საშტატო განრიგის შემუშავების საჭიროებას, რის შედეგადაც შემუშავებული იყო ადამიანური რესურსების მართვისმარეგულირებელი დოკუმენტების პაკეტი, რომელიც განსახილველად წარედგინა სამეურვეო საბჭოს.
მომზადებული დოკუმენტების პაკეტი მენეჯმენტის და სამეურვეო საბჭოს ერთობლივი განხილვა/დამუშავების საგანი იყო და ეს პროცესი დროებით შეჩერდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე, რაც განხორციელდა 2017 წლის 6 იანვარს და შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდა.
3. განხორციელებული შესყიდვები (გვ. 13-19)
3.1. შესყიდვების დაგეგმვის პროცესში არსებული ხარვეზები (გვ. 13-14)
o მოცემულ საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის ანგარიშში მოყვანილი შეფასების პასუხად აღსანიშნავია, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მომდევნო წლის შესყიდვების წლიური გეგმა წარედგინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბიუჯეტის სამუშაო პროექტში იმ მომენტისთვის არსებულ შესაბამის პარამეტრებს. 2015-2016 წლებში სამეურვეო საბჭომ 2015 წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა ბიუჯეტი, რომელშიც განსხვავებული პარამეტრები იყო შესული იმასთან შედარებით, რაც 20 ნოემბერს აიტვირთა ePlan- მოდულში და, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, განხორციელდა გეგმის კორექტირება ePlan- მოდულში.
3.2. არაკონკურენტუნარიან გარემოში განხორციელებული შესყიდვები (გვ. 15)
o ყოველგვარ სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია აუდიტის სამსახურის მიერ ამ ნაწილში აღნიშნული მოსაზრებები.
o პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერების ჩატარება განხორციელებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს (კანონის მიზნებიდან და შესყიდვების ელექტრონული პროცედურებიდან გამომდინარე) ამა თუ იმ შესყიდვის საჯაროდ კონკურენტუნარიან გარემოებაში ჩატარების უზრუნველყოფას.
o გარდა ამისა, თუ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, ზოგ შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების რაოდენობა, ბუნებრივია, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“ დამოუკიდებელი მიზეზით, განისაზღვრება ერთი ერთეულით, ეს არანაირად არ შეიძლება გულისხმობდეს შესყიდვის არაკონკურენტულ გარემოებაში განხორციელებას.
o გაუგებარია ასევე, რა მიზანს ემსახურება აუდიტის სამსახურის მიერ ანგარიშის ამ ნაწილში მოყვანილი სტატისტიკა გამოცხადებული ტენდერებისა და მასში მონაწილე პრეტენდენტების რაოდენობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ 2015 და 2016 წლებში განხორციელებული ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერების ჩატარების შედეგად დარჩენილი ეკონომია (შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას გამოკლებული სახელშეკრულებო ღირებულება) – 1 000 000 ლარს აღემატება (იხილეთ დანართი, სადაც მოცემულია 2015 – 2016 წლებში გამოცხადებული ტენდერების შედეგები. კერძოდ, შესყიდვის ობიექტის დასახელება, პრეტენდენტების რაოდენობა, სავარაუდო ღირებულებები და სახელშეკრულებო თანხები).
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამ თემასთან მიმართებაში 2018 წლის 9 იანვარს გაკეთებული განცხადება (ვრცლად იხილეთ 3.4 პუნქტის პასუხად მითითებული ტექსტი)
3.3. კონკურენციის შეზღუდვა (გვ. 15-16)
o ტექნიკური პირობების მომზადების საკითხთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დასაქმებულია კომპეტენტური, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სატენდერო დოკუმენტაციის, მათ შორის, ტექნიკური პირობების (ტექნიკური დავალების) შედგენის დროს სრულად არის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, ვერ გავიზიარებთ და დავეთანხმებით აუდიტის სამსახურის მითითებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მთელ რიგ შესყიდვებში ტექნიკური პირობებით მოთხოვნილია მხოლოდ ერთი რომელიმე სასაქონლო ნიშნის/მოდელის კონკრეტული ტექნიკური პარამეტრები (მონაცემები). ამ საკითხთან დაკავშირებით პირიქით შეიძლება ითქვას: ტექნიკური პირობები ყალიბდება იმ პირობებში, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ შესაბამისი ტენდერით მიიღოს მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შესაბამისი ხარისხის ტექნიკური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტი და აღნიშნული პირობებით არ შეიზღუდოს სხვადასხვა მწარმოებელი და ინტეგრატორი (პროდუქციის მომწოდებლები), რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ ყველა წამყვანი მწარმოებლების და განსხვავებული მოდელის პროდუქციის შემოთავაზება.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 8 თებერვალს გაკეთებული განცხადება, კერძოდ: „იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანომ მიიღოს მისთვის სასურველი ხარისხის, პარამეტრებისა და კონდიციის მქონე საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაოები, მან გამოცხადებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში, კერძოდ, ტექნიკურ სპეციფიკაციებში სკურპულოზურად და დეტალურად უნდა ჩამოაყალიბოს ის მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში არის შესაძლებელი სასურველი საქონლის მიღება. თუკი ესა თუ ის საქონელი არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილს, მისი წარმდგენი კომპანია ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.“
3.4. არასათანადოდ ჩატარებული ბაზრის კვლევა (გვ. 16-17)
o რაც შეეხება ბაზრის კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებულ შენიშვნებს, რომლებიც ეხება პროფესიონალური აუდიო-ვიდეო აპარატურის სახელმწიფო შესყიდვებს, აღვნიშნავთ, რომ ხსენებული ტექნიკის მიმწოდებელი ორგანიზაციები საქართველოს ბაზარზე არც თუ ისე ბევრია და ამ გარემოების გათვალისწინებით, შესაბამის ტენდერებში მონაწილე პრეტენდენტთა რაოდენობა გასაგები მიზეზების გამო 1-3 პრეტენდენტით შემოიფარგლება.
o აუდიტის სამსახურის მიერ მოყვანილი მაგალითი, რომელიც შეეხება შპს „ინოვატორისგან“ ციფრული ვიდეოკამერების ბაზრის კვლევისას მოწოდებული ფასის – 260 000 ლარის შემდგომ ტენდერში დამატებით რაუნდების დაწყებამდე – 52 740 ლარით შემცირებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრეტენდენტმა ვაჭრობის ძირითად დროში თანხა შეამცირა იმ მოტივით, რომ დამატებით რაუნდებში უპირატესობა ჰქონოდა სხვა პრეტენდენტებთან (ბოლო სატენდერო წინადადების ფასის დაფიქსირება), რაც ნათლად ასახავს იმ გარემოებას, რომ პრეტენდენტის საწყისი ფასის მითითებისას არ ვარაუდობდა, რომ აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ თავად მიიღებდა. ეს კი თავისთავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად ბაზარზე აღნიშნული შესყიდვის ობიექტის მიმწოდებელი ორგანიზაციების სიმცირისა, მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია არსებობდა.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ამ თემასთან მიმართებაში 2018 წლის 9 იანვარს გაკეთებული განცხადება, კერძოდ:
„უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა არის სრულიად გამჭვირვალე, რაც დაინტერესებულ აუდიტორიას აძლევს შესაძლებლობას დროის რეალურ რეჟიმში დააკვირდეს გამოცხადებულ ტენდერებს. თუმცა სისტემის ტრანსპარენტულობა და ინფორმაციის ღიაობა არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების განზრახ შეცდომაში შესაყვანად.
ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვებში ერთპრეტენდენტიან ტენდერებს, რომლებზეც ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან ისმის უსაფუძვლო ბრალდებები, გარკვეული ხვედრითი წილი გააჩნია. თუმცა, ერთპრეტენდენტიანი ტენდერი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რასაც საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს.
ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ყოველწლიურად იზრდება კონკურენციის დონე სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, რის დასტურადაც გამოდგება პრეტენდენტთა საშუალო მაჩვენებლის ზრდის დადებითი დინამიკა, რომელიც დღესდღეობით შეადგენს 2,14-ს, მათ შორის, ყოველწლიურად იზრდება კონკურენციის დონე ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვებისას. მაგალითად, 2017 წელს პრეტენდენტთა საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 1,53-ს, რაც 2016 წლის მონაცემებს 5,5%-ით აღემატება. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა, ისევე როგორც სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, სისტემაში ინტეგრირებული კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით დაუსვას შეკითხვა შემსყიდველ ორგანიზაციას სატენდერო დოკუმენტაციის მისთვის ბუნდოვან საკითხებზე, რაზედაც ეს უკანასკნელი ვალდებულია კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ ვადაში გასცეს მკაფიო და კონკრეტული პასუხი. გარდა ამისა, შესყიდვების სისტემა იძლევა შესაძლებლობას, რომ სატენდერო დოკუმენტაცია გასაჩივრებული იყოს როგორც დავების განხილვის საბჭოში, ასევე, კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში, ნებისმიერი პირის მიერ, თუნდაც იგი არ მონაწილეობდეს კონკრეტულ ტენდერში.“
3.5. ბაზრის კვლევის გარეშე განხორციელებული შესყიდვები (გვ. 16-17)
o რაც შეეხება დეკორაციული სამუშაოების (კოდი 45451000) სახელმწიფო შესყიდვებს, ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ამ შესყიდვების სავარაუდო ღირებულებები განსაზღვრულია სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ხელმძღვანელობს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და შესაბამის ხარჯთაღრიცხვას ადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილება N52-ის და საქართველოს მთავრობის დადგენილება N55-ის (2014წ. 14 იანვარის დადგენილება-ტექნიკური რეგლამენტის „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ) საფუძველზე. ასევე გამოყენებულია 1984 წლის სამშენებლო ნორმები და მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული სამშენებლო რესურსების ფასები (შესაბამისი კვარტლის დონეზე), აგრეთვე, მეთოდური ცნობარები (მშენებლობის და სარემონტო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ფასების გაანგარიშების შესახებ).
o გარდა ამისა, დამატებით აღვნიშნავთ, რომ ბაზრის კვლევის შედეგები იძლევა მხოლოდ საორიენტაციო ფასს და მისი გამოყენება ეფექტიანია გარკვეული საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევებში, ხოლო სამშენებლო-სარემონტო და სტუდიური დეკორაციების მოწყობის სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რაც ხორციელდება ზემოთ აღნიშნული დადგენილებების საფუძველზე, შესყიდვის ობიექტების თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ეფექტიანად ხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა რესურსის გამოყენებით შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში.
3.6. საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ბარტერის საშუალებით (გვ.17)
o რაც შეეხება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციული კორპუსის პირველ სართულზე ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების ბარტერის გზით განხორციელებაზე (SPA160024486) შენიშვნას, ამ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით, რადგან მიჩნეულია, რომ აღნიშნული საბარტერო ხასიათის შესყიდვის ელექტრონული ტენდერით განხორციელების გზით, საზოგადოებრივი მაუწყებელი მნიშვნელოვნად დაზოგავდა სამშენებლო სამუშაოების სანაცვლოდ მიმწოდებლისთვის გადასაცემ სარეკლამო დროს.
o როგორც თქვენთვის ცნობილია, ტენდერი გამოცხადდა 60 000 ლარის ღირებულების შესაბამისი სამუშაოს შესრულებაზე, ხოლო ტენდერში გამართული ვაჭრობის შედეგების გათვალისწინებით, შესყიდვის ობიექტის ღირებულება შემცირდა 42 000 ლარამდე, რაც 30 %-ს შეადგენს.
o აღნიშნული ტენდერის ჩატარების შედეგად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 30%-ით ნაკლები სარეკლამო დრო გადასცა ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს, კერძოდ: თავდაპირველად შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ, მაუწყებელს მიმწოდებლისთვის უნდა გადაეცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების შესაბამისი (60 000 /სამოცი ათასი/ ლარი) სარეკლამო დრო. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატელევიზიო არხებზე გასულ ტრანსლაციებში (2016-2017 წლის ტრანსლაციებში) კერძოდ: 10-წამიანი ვიდეორგოლების განთავსება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016- 2017 წლის სეზონის თამაშებში (98 გასვლა), ფეხბურთი ფიფა 2018 შესარჩევი 2016 წელს (9 გასვლა), რაგბის ტესტ მატჩებში 2016 წელს (6 გასვლა), სულ – 113“.
o ტენდერის ჩატარების შედეგად და შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულებით, მაუწყებელი ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას გადასცემს (42 000 /ორმოცდაორი ათასი/ ლარი) სარეკლამო დროს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატელევიზიო არხებზე გასულ ტრანსლაციებში (2016-2017 წლის ტრანსლაციებში) კერძოდ: 10-წამიანი ვიდეორგოლების განთავსება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლის სეზონის თამაშებში (78 გასვლა), ფეხბურთი – ფიფა 2018 შესარჩევი 2016 წელს (4 გასვლა), რაგბის ტესტ მატჩებში 2016 წელს (12 გასვლა), სულ – 94“.
o საერთო ჯამში აღნიშნული ტენდერის ჩატარების შედეგად, სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მნიშვნელოვნად შეამცირა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სატელევიზიო არხებზე გასულ სპორტულ ტრანსლაციებში მიმწოდებლისთვის გადასაცემი სარეკლამო დრო და სანაცვლოდ განხორციელდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციულ კორპუსის პირველი სართულის სარემონტო სამუშაოები.
4. საკადრო პოლიტიკა და მისი მართვა (გვ. 19-21)
4.1. სამუშაო დროის აღრიცხვა (გვ. 19)
აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015-2016 წლებში საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელფასის დარიცხვა არ ხდებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის – „სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელის“ – მიხედვით.
o ვერ დავეთანხმებით აუდიტის სამსახურის აქტში მითითებულ გარემოებას, რადგან „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ შესაბამისი სამსახურის მიერ ხორციელდება დასაქმებულ პირთა სამუშაო დროის გამოყენების და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელის წარმოება, რის შესახებაც აუდიტის სამსახურს გადაეცა შესაბამისი დოკუმენტაცია და გაკეთდა განმარტებები. ტაბელის წარმოება ხორციელდება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებს ყველა იმ პარამეტრს, რომელიც მოთხოვნილია ზემოთ მოყვანილი აქტის დებულებებით, რაც იძლევა შესაბამის ინფორმაციას მაუწყებელში დასაქმებული პირების სამუშაო დროის აღრიცხვის და შესაბამისად, ხელფასის გაანგარიშებისათვის.
o რაც შეეხება აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვისას ე.წ. „ტურნიკეტის“ მონაცემებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ ეტაპზე უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი (კლასიფიკატორის CPV კოდი №35120000 – სამეთვალყურეო და დაცვის სისტემები და აპარატურა) მაუწყებლის შენობის და ავტოსადგომის დაშვება კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟის სამუშაოების და პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, რომლის ფარგლებში ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები „ტურნიკეტის“ მონაცემების ინტეგრირებაზე ადამიანური რესურსების მართვის სისტემის შესაბამის სეგმენტებში.
4.2. ინტერესთა კონფლიქტი (გვ. 20)
რაც შეეხება აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულ ინტერესთა კონფლიქტის საკითხს:
o სსიპ ”საზოგადოებრივ მაუწყებელსა” და მაუწყებელში დასაქმებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს შემდეგ დებულებას: “დამსაქმებლის წინასწარი თანხმობის გარეშე დასაქმებულს ეკრძალება სხვა სამუშაოს შესრულება (როგორც შრომითი ხელშეკრულების, ისე სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების საფუძველზე), თუ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანამდებობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში“.
o 2017 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად, მაუწყებელში დასაქმებული პირების მიერ წარმოდგენილი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს თანამშრომლების სხვაგან (გარდა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“) დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული სამუშაო არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და სისტემატურად გატარდება როგორც პრევენციული ღონისძიება.
5. ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯები (გვ. 21-22)
5.1. ტრანსპორტის და ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯები (გვ. 21-22)
შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში (პუნქტი 5,1 ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯები) აქცენტი გაკეთებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის მოხმარების კონტროლის მექანიზმის არასრულფასოვნებაზე და მათი გადაადგილების კონტროლის სიზუსტის დადგენაზე.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტმა გადადგა შემხვედრი ნაბიჯები არსებული საკითხების (ნაკლოვანებების, ხარვეზების) მოგვარების მიზნით. კერძოდ, 2017 წლის ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტოპარკი სრულად განახლდა, ყველა ავტომობილი წარმოებულია 2017 წელს, შესაბამისად, მის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია წვის რაოდენობა ავტომანქანის სვლის რეჟიმის მიხედვით. ასევე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟდა GPS სისტემა, რაც იძლევა ყველა იმ ხარვეზის აღმოფხვრის საშუალებას (ონლაინ მონიტორინგი, მოძრაობის ისტორია, სტატისტიკა, მარშრუტი და ზონები), რომელიც აუდიტის ანგარიშშია მითითებული.
ზემოთ მოყვანილი მოქმედებების და გადადგმული ნაბიჯების შედეგად, მივიღეთ სრულიად განსხვავებული სურათი, როგორც ფინანსური, ასევე სერვისის თვალსაზრისით, კერძოდ:
2018 წლის იანვრის თვეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბალანსზე ირიცხება 86 ავტოსატრანპორტო საშუალება. ავტომანქანებს აქვს სხვადასხვა დანიშნულება:
* სარეალიზაციოდ განსაზღვრული ავტოპარკის რეალიზაცია განხორციელდება მას შემდეგ, რაც საექსპერტო ბიურო მოახდენს მათი საბაზრო ღირებულების დადგენა/შეფასებას.
2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში საწვავის მოხმარებამ აღნიშნულ ავტოპარკზე შეადგინა: (შედარება პერიოდის მიხედვით)
** 2018 წლის იანვარში საწვავს მოიხმარდა 56 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო 2017 წელს ეს რაოდენობა იყო 50 ერთეული.
თვალშისაცემი განსხვავება მივიღეთ 2017-2018 წლის იანვრის თვეებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური მომსახურების მხრივ:
სხვაობამ შეადგინა 31 727 ლარი. 2017 წლის იანვარში სრულ ავტოპარკს აქვს ტექმომსახურება გავლილი, ხოლო 2018 წლის იანვარში მხოლოდ სამ ავტომობილს ჩაუტარდა ტექმომსახურება.
GPS-მონიტორინგის სისტემა დამონტაჟებულია 59 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. მხოლოდ სპეცმანქანაზე არ დგას ეს სისტემა, რადგან მსს-ის ტიპის ტრანსპორტი, ფაქტობრივად, არ საჭიროებს მსგავსი აპარატურის დაყენებას.
ფინანსური კუთხით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ტრანსპორტისა და მათი ექსპლუატაციის ხარჯები 48 000 ლარით შეამცირა.
6. აქტივებისა და ვალდებულებების მართვა (გვ. 22-23)
o სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ჩატარებული 2015-2016 წლების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისების თაობაზე საინვენტარიზაციო კომისიამ შეისწავლა მატერიალურად პასუხისმგებელი პირების ახსნა-განმარტებები (თქვენს ჯგუფს გადაეცა აღნიშნულ პერიოდში ჩატარებული ინვენტარიზაციის ყველა სხვა დოკუმენტთან ერთად), არსებული საბუთები, ჩაატარა შეხვედრები ყველა იმ მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან, რომლებსაც აღმოაჩნდათ დანაკლისი და რომლებიც იმ დროისთვის მაუწყებელთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, გასცა რეკომენდაცია თქვენთვის წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახული მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიმართ დისციპლინური სანქციების გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.
o რეკომენდაციის გაცემისას კომისია ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 23.07.2010წ. №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-15 მუხლის დებულებებით, რომელთა შესაბამისად, „აქტივების დანაკლისი, ასევე ნორმის ზემოთ მატერიალური მარაგების დანაკლისის ანაზღაურება დაეკისრებათ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს, თუ დანაკლისი მათი ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული“, ასევე „მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი და დანაკარგები ბუნებრივი ნორმების ზევით, როდესაც კონკრეტული დამნაშავეების დადგენა ვერ მოხერხდა ან დამნაშავე პირებს სასამართლომ არ დააკისრა დანაკლისის ანაზღაურება, ჩამოიწერება ორგანიზაციაში წმინდა ღირებულების შემცირებით როგორც სხვა ეკონომიკური ნაკადი, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული მატერიალური ფასეულობების დანაკლისის შემთხვევაში – მოგება/ზარალის ანგარიშზე“.
o ასევე აღსანიშნავია, რომ მაუწყებელი გეგმავს მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე. საინვენტარიზაციო კომისია შეისწავლის ვადაგადაცილებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების რეალურ სურათს. კომისიის დასკვნის საფუძველზე, მიიღება გადაწყვეტილება გავატაროთ ღონისძიება ისეთი ორგანიზაციების დებიტორული დავალიანების ჩამოწერაზე, სადაც თანხის ამოღების შესაძლებლობა ნულის ტოლია. ამის შემდეგ ვგეგმავთ, მივმართოთ სახელმწიფო აუდიტში შემავალ სსიპ „აუდიტის ინსტიტუტს“, რომლის დასკვნის საფუძველზეც მოხდება ჩამოწერა.