საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური​ მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური​ მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 5 დეკემბრიდან​ მოხალისეობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოხალისეებს არ ექნებათ ანაზღაურება, თუმცა დაშავების შემთხვევაში მათზე იგივე  სოციალური გარანტიები გავრცელდება, რაც მეხანძრეებზე, ასევე იქნება სხვა წამახალისებელი პროექტები.

„ქვეყანას ორი ტიპის მოხალისეები ეყოლება – ერთი, რომლებიც ზოგადად, მასშტაბურ ღონისძიებებში ჩაერთვებიან საგანგებო სიტუაციებისა და პრევენციის კუთხით და მეორე, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც რთული რელიეფის გამო, სახანძრო-სამაშველო ძალების რეაგირების დრო აღემატება 30 წუთს, ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებს გადაეცემათ ტექნიკური აღჭურვილობა, რათა პირველადი რეაგირება თავად მოახდინონ. აღნიშნული პროექტით ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, აშშ-სთან, რომ მოხალისეების დაძმობილება მოხდეს შესაბამის მოხალისეთა გაერთიანებებთან სხვა ქვეყნებში და ხელი შეეწყოს ამ მიმართულების განვითარებას საქართველოში. მოხალისეებს შრომის ანაზღაურება არ ექნებათ, რადგან ეს არის უანგარო საქმიანობა, თუმცა მათ ექნებათ სოციალური გარანტიები.იმ შემთხვევაში, თუ მოხალისე რაიმე საგანგებო სიტუაციის დროს დაშავდება, მასზე იგივე სოციალური გარანტიები გავრცელდება, რაც მეხანძრეზე. ასევე გვექნება სხვადასხვა წამახალისებელი პროექტები, მათ ექნებათ გარკვეული ბენეფიტები“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ სახანძრო სამაშველო სამსახურს 30 ახალი სახანძრო მანქანა ეყოლება.

„საქართველოს მთავრობამ მოგვცა თანხმობა ახალი ავტომობილების, მათ შორის ერთი მაღალი შესაძლებლობის სახანძრო მანქანის შეძენაზე რომელიც ბათუმისთვის არის განკუთვნილი. დაახლოებით 6 თვე ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საერთაშორისო მწარმოებლებთან და ვეცადეთ, ევროპული მწარმოებლები დაგვეინტერესებინა ამ ტენდერით. რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი და იმედია, მომავალ წელს თბილისში, ასევე დიდ ქალაქებში გვეყოლება უკვე ახალი მუნიციპალური სახანძრო მანქები“,- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

დატოვე კომენტარი